ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სენატში ამერიკა-რუსეთის ომის წლისთავს სპეციალური მოსმენა მიეძღვნა


მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი. მან არსებითად გაიმეორა შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ნათქვამი თბილისში სტუმრობისას იმის თაობაზე, რომ გამორიცხულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება სამხედრო გზით. გორდონს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიჩინოს, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, “სტრატეგიული მოთმინება, რათა თავიდან იქნას აცილებული მორიგი კონფლიქტი.” გორდონი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მთელი ძალისხმევა მიმართოს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების განხორციელებისკენ, რაც თავის მხრივ, დროთა განმავლობაში, სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებთათვის მიმზიდველს გახდის საქართველოს. საქართველოს უშიშროების საკითხი შეშფოთებას იწვევს ვაშინგტონის მმართველ წრეებში. გორდონმა აღნიშნა ამასთანავე, რომ გასული წლის აგვისტოდა მოყოლებული, სამხრეთ ოსეთიდან სნაიპერთა თავდასხმას თორმეტამდე ქართველი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. მან მოიხსენია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გასულ კვირაში გაკეთებული პროვოკაციული განცხადება იმის თაობაზე, რომ ქართულმა მხარემ თითქოსდა ცეცხლი გახსნა სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, რაც სხვათაშორის უმალვე უარყვეს ევროკავშირის დამკვირებლებმა. ამერიკის მთავრობა, აღნიშნა გორდონმა, მიესალმება ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოში ევროკავშირის დამკვირებელთა მისიის მანდატის გაგრძელების თაობაზე და თან მოუწოდებს რუსეთს, აგრეთვე სეპარატისტულ რეგიონებს მისცენ ხსენებულ დამკვირებლებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლის უფლება.

მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა ასევე თავდაცვის მინისტრის თანაშემწე საერთაშორისო უშიშროების საკითხებში ალექსანდრ ვერშბოუ, რომელმაც განაცხადა, რომ “განსაკუთრებითაა დასანანი” ის ფაქტი, რომ რუსეთი არ უშვებს ევროკავშირის დამკვირებლებს სეპარატისტულ ტერიტორიებზე. მან ქებით მოიხსენია მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის დამკვირებელთა მისიას, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შორის. ვერშბოუს თქმით, გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული, პენტაგონს არ მიუწოდებია საქართველოსთვის არანაირი საბრძოლო შეიარაღება. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სარდლობამ ევროპაში საგულდაგულოდ შეაფასა საქართველოს სამხედრო პოტენციალი და დაასკვნა, რომ თავდაცვის სამინისტრომ უნდა სრულჰყოს სტრატეგიისა და დოქტრინის ფორმულირება და აამაღლოს პირადი შემადგენლობის პროფესიონალური დონე. ვერშბოუ ფილიპ გორდონთან ერთად თანათავჯდომარეობს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფს უშიშროების საკითხებში, რომლის პირველი სხდომა 22 ივნისს გაიმართა, ხოლო ამ ჯგუფის მორიგი შეხვედრა შემოდგომაზე გაიმართება საქართველოში. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას შეერთებული შტატების მხრიდან, ვერშბოუმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტი ენიჭება ინსტიტუციონალურ აღმშენებლობას, პირადი შემადგენლობის სამხედრო განათლების სრულყოფას, სამხედრო დოქტრინის შემუშავებასა და წვრთნას. ალექსანდრ ვერშბოუს აგრეთვე მიაჩნია, რომ ნებისმიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება გააჩნდეს საკუთარი ტერიტორიის დაცვის სათანადო სამხედრო პოტენციალი, და ამ მხრივ საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს.

მოსმენებში მოხსენებით გამოვიდა ამერკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი კენ იამაშიტა, რომლემაც ძირითადად მიმოიხილა შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მნიშვნელოვანი დეტალები.

მოსმენების დასკვნით ნაწილში რესპუბლიკელმა სენატორმა ტენესის შტატიდან ჯიმ დემინტმა ბატონ ვერშბოუს კითხვა დაუსვა იმის თაობაზე, თუ რით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები დღემდე თავს იკავებს თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე საქართველოსათვის. ვერშბოუმ აღნიშნა, რომ გასული წლის ომის შემდეგ საქართველოს მთავრობამ და პენტაგონმა ერთობლივად შეიმუშავეს სამხედრო თანამშრომლობის გეგმა, რომელიც სხვადასხვა თანამიმდევრულ ეტაპებად არის დაყოფილი. ამდენად დასაწყისში აუცილებელია პირადი შემადგენლობის გადახალისება, სამხედრო განათლების სრულყოფა, სათანადო სამხედრო დოქტრინის ფორმულირება. ეროვნული სამხედრო სტრატეგიის შემუშავება და ზოგადი თავდაცვითი გეგმის შედგენა, რასაც შემდეგ უნდა მოჰყვეს სამხედრო დახმარების სხვა ფორმები.

სენატორი დემინტი იმითაც დაინტერესდა თუ რამდენად გაითვალისწინებს შეერთებული შტატები რუსეთის მუქარას სანქციების დაწესებაზე იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც სამხედრო დახმარებას მიაწვდიან საქართველოს. ამასთან დაკავშირებით ბატონმა გორდონმა აღნიშნა, რომ საქართველოში შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს შემოღება ყოვლად მიუღებელია. მისივე თქმით, საქართველოს აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი თავი, ხოლო ოფიციალური ვაშინგტონი ყურად არ იღებს კრემლის მუქარას სანქციების შემოღების თაობაზე.


XS
SM
MD
LG