ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვმა სააკაშვილს ბრალი დასდო დესტაბილიზაციის მცდელობაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრალი დასდო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში იმის გამო, რომ სააკაშვილმა მოიწვია აშშ-ს დამკვირვებლები ევროკავშირის ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად. ეს ჯგუფი მონიტორინგს უწევს ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ცეცხლისშეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულებას.

რუსეთსა და საქართველოს შორის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებული ომის წლისთავამდე ორი დღით ადრე ვესტის-24 სატელევიზიო არხზე გავიდა ლავროვის ინტერვიუ.

საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლას სარკოზის დახმარებით მიღებული გეგმის მიხედვით, ევროკავშირმა 240 შეუიარაღებელი დამკვირვებელი გააგზავნაცეცხლის შეწყვეტაზე მონიტორინგის განსახორციელებლად. გასულ თვეში, საქართველომ თხოვნით მიმართა აშშ-ს მონაწილეობა მიეღო ამ მისიაში.

ლავროვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მონიტორები „მნიშვნელოვანი მასტაბილიზებელი ფაქტორია“ და რომ რუსეთი მხარს უჭერს მათ საქმიანობას. მაგრამ მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის თხოვნა აშშ-ს დამკვირვებლების ჩართვის თაობაზე არის იმ გეგმის ნაწილი, რომელიც მისი სიტყვებით მიზნად ისახავს „ამერიკელების საქართველოში ჩათრევას“ და რუსეთის სამხედრო ძალებთან დაპირისპირებას. „ამის შემდეგ პროვოკაციების ოსტატები, და სააკაშვილს ძალიან ბევრი ჰყავს ასეთი, თავიანთ ჩვეულ საქმიანობას შეუდგებიან“- ამბობს ლავროვი.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები, რომლებმაც საქართველოს დაუჭირეს მხარი გასული წლის კონფლიქტის დროს, მოქმედებდნენ ე.წ. „ცივი ომის მოდელების მიხედვით.“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ომი იყო ბატონი სააკაშვილის მიერ განხორციელებული „დაუვიწყარი თავგადასავალი“, რომელმაც იმსხვეპლა ასობით ადამიანი და ქართველი ხალხისათვის ტრაგედიად იქცა.

მიუხედავად ამისა, ამბობს ლავროვი, ამან არ მოახდინა დასავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან, ურთიერთობებზე გავლენა. მან განაცხადა, რომ ამ ფაქტმა ხელი არ შეუშალა შეთანხმებების მიღწევას აშშ-ს პრეზიდენტ ბარაქ ობამას რუსეთში ვიზიტის დროს.

მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. გასულ თვეში ბატონმა ბაიდენმა უოლ სტრიტ ჯორნალს უთხრა, რომ რუსეთის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია და ეს შესაძლოა გახდეს მიზეზი იმისა, რომ მოსკოვმა დასავლეთთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიოს.

ლავროვმა აღნიშნა, რომ ბატონი ბაიდენის ინტერვიუ უოლ სტრიტ ჯორნალთან იყო მცდელობა „ჩვენი ისევ წარსულში ჩათრევისა“ და რომ ის აღიქმებოდა ისე, თითქოს იყო „გადაწერილი“ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის უმაღლესი ოფიციალური პირების საჯარო გამოსვლებიდან.

თავის მხრივ სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა განუცხადა „ფრანს 24“-ის სატელევიზიო არხს, რომ მოსკოვმა ნათელი გახადა, რომ „მისია მისი მთავრობის თავიდან მოშორებისა“ არ დამთავრებულა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოს „ არ გააჩნია არც სურვილი და არც საშუალება რუსეთზე შეტევისათვის.“ ასეთი შეტევა „თვითმკვლელობის ტოლფასი“ იქნებოდა, დაამატა მან.

სამშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ მას საგანგებო რეჟიმში ჰყავს სამხრეთ ოსეთში განლაგებული ჯარის ნაწილები, რათა თავიდან აიცილოს საქართველოს „პროვოკაციები,“ რომელიც შესაძლოა მოჰყვეს 2008 წლის აგვისტოს წლისთავს.

რუსეთი ამბობს, რომ მიუხედავად დასავლეთის მოწოდებისა ჯარების გამოყვანის თაობაზე, იგი აპირებს რომ განუსაზღვრელი დროით დატოვოს დაახლოებით 7000 შეიარაღებული ჯარისკაცი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონში.

XS
SM
MD
LG