ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე ამერიკელი ექსპერტი საუბრობს



კითხვაზე თუ როგორია მისი შეფასება რუსეთ-საქართფელოს ომიდან ერთი წლის თავზე, ამერიკელი მეცნიერი გვპასუხობს:

“ომიდან ერთი წლის თავზე მოსკოვმა თავის ძირითად მიზნებს მიაღწია. ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი მან საქართველოს ჩამოაშორა. მათ შეეძლოთ ამ ორი ტერიტორიული ერთეულის ანექსია, სასაზღვრო სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებები ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო. მაგრამ დღეს რუსეთი ფორმალური ანექსიის გარეშეც კარგად ახერებს ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის კონტროლს. დასავლეთის მთავრობებმა და საერთაშoრისო ორგანიზაციებმა-ევროკავშირმა და ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, ომის შემდეგ შეწყვიტეს რუსეთთან ურთიერთობა თუმცა მოგვიანებით მათ აღადინეს კავშირები ავღანეთში თანამშრომლობის და სხვა მიზეზების გამო. ამიტომაც დღეს იმის თქმა შეიძლება, რომ კრემლმა წარმატებით განახორციელა მთავარი ამოცანები. რაც შეეხება ომის ზოგად მასშტაბებს და გამოძახილს: დღეს ყველა შეშფოთებულია თუ რამდენად განუდგა რუსეთი იმ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პრინციპებს, რომლებიც ცივი ომის დასურლების შემდეგ ევროპაში საერთაშორისო ურთიერთობებს არეგულირებს: ვგულისხმობ მრავალ არსებულ შეთანხმებასა და ხელშეკრულებას, სადაც მსოფლიოს მთავრობები პირობას დებენ, რომ არ გამოიყენებენ ძალას კონფლქტის დასარეგულირებად, გაითვალისწინებენ მოსახლეობის ნებას და სამხედრო ძალებს არ ჩააყენებენ იმ ქვეყნებში სადაც მათ დისლოცირებას არ ემხრობა მთავრობა და ხალხი. ახლა საქმე იმაშია, თუ რამდენად დაეთანხმება მსოფლიო პრეზიდენტ მედვედევის წინადადებას ევროპის უსაფრთხოების ახლებური მოწყობის შესახებ, რამდენად იქნება მისი ინიციატივები გათვალისწინებული. მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწევთ იმაზე დაფიქრება თუ რამდენად სარისკო იქნება მოსკოვის შეთავაზებების განხორციელება.”

რიჩარდ უეისი აგრძელებს: “დღესდღეობით საქართველოს ბევრის გაკეთების საშუალება არ აქვს. თბილისს გაუჭირდება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. რუსეთს სამხედრო უპირატესობა აქვს, ამიტომაც იგი სტატუს კვოს დაიცავს და დაკავებული ტერიტორიებიდან არ გავა. რაც შეეხება დასავლეთს: უცხოეთის მთავრობებმა ნათლად განაცხადეს, რომ საქართველოსთვის დახმარების მიზნით დაკარგული მიწა-წყლის დასაბრუნებლად, რუსეთთან ომს არ დაიწყებენ. არც ახალ სანქციებს დააწესებენ მოსკოვის წინააღმდეგ. თუმცა შეიძლება ორ მხარეს შორის ბევრი რამ სხვა ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში სხვაგვარად წარიმართოს-ვგულისხმობს ხელისუფლებას თბილისში ან ახალ მმართველობას მოსკოვში. ვფიქრობ, რომ ობამას ადმინისტრაცია ალბათ სწორად იქცევა როცა საქართველოს დახმარებას ცდილობს მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების წახალისებით. ვაშინგტონმა და მოსკოვმა განაახლეს მოლაპარაკებები იარაღის კონტროლის საკითხებში, იგეგმება რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის აღდგენაც. შესაძლოა ასეთი რამ საქართველოს მიმართ გაცხადებული მხარდაჭერისგან უკანდახევად იქნას აღქმული როცა რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტაზე იყო ლაპარაკი სანამ კრემლს ჯარები ჰყავდა დისლოცირებული საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ როგორ ჩანს ახლა ასეთი რამ უნდა ვცადოთ. ამერიკის მიერ სანქციების ლობირების დროს, დასავლეთის მთვრობებმა ამ ზომებს მხარი არ დაუჭირეს და ჩათვალეს, რომ სანქციები კონტრპროდუქტიულ შედეგს მოიტანდა. მგონი ახლა უნდა ვიმედოვნოთ, რომ რუსეთი კეთილ ნებას გამოიჩენს საქართველოსთან ურთიერთობაში თუ არა, დასავლეთის ქვეყნებთან დამოკიდებულებაში მაინც და თანამშრომლობაზე წამოვა.

ამით იგი უფრო ჩაებმება პროცესებში და დასავლეთსაც მეტი გავლენა ექნება მოსკოვის მოქმედებებზე. საქართველოში ომის დროს ურთიერთობები რუსეთთან იმდენად ცუდი იყო, რომ ფაქტობრივად კრემლს ყველაფრის გაკეთება შეეძლო, დასავლეთს კი არანაირი ბერკეტი აღარ ქონდა მასზე გავლენა მოეხდინა. “

XS
SM
MD
LG