ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სენატში მიმდინარეობს საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის ჯონ ბასის კანდიდატურის განხილვა


აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის საკითხების ქვეკომიტეტმა 28 ივლისს გამართა მოსმენა და განიხილა ამერიკის ელჩის თანამდებობაზე ნომინირებული რამდენიმე კანდიდატის საკითხი.ერთერთი კანდიდატი იყო ჯონ ბასი, რომელიც აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სახელმწიფო მდივანმა ჰილარი ქლინტონმა საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე წარადგინეს.

სენატის ევროპის საკითხების ქვეკომიტეტმა ოფიციალურ განცხადებაში, კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ კერის სახელით, აღნიშნა, რომ საქართველოში ამერიკის საელჩოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია და რომ ამერიკა ცალსახად აღიარებს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გასული კვირის ვიზიტი თბილისში დასტურია ამერიკის სრული მხარდაჭერისა და პრეზიდენტ ობამას მიერ გაჟღერებული სიტყვებისა მოსკოვში, რომ ამერიკა რუსეთთან ურთიერთობების “გადატვირთვას’ არ მოახდენს საქართველოსა და ლატვიის ხარჯზე( ლატვიაში ნომინირებული აშშ ელჩის კანდიდატის განხილვა ასევე დღეს, 28 ივლისს მოხდა).

ჯონ ბასმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში ამერიკის ინტერესები დაიცვას და გაატაროს.მისი პრიორიტეტები იქნება ინსტიტუტების მოქმედების გამყარება, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის არსებობაზე ზრუნვა და რომ ამერიკის საელჩოს მისია იქნება ქართველ ხალხთან და მის მთავრობასთან ერთად მუშაობა.ბატონმა ბასმა მადლიერება გამოთქვა საქართველოში ამერიკის ამჟამინდელი ელჩის, ჯონ ტეფტის მიერ გაწეული სამსახურისა და დამსახურების გამო და იმედი გამოხატა, რომ მისი მოღვაწეობის განმავლობაში გააკეთებს ყველაფერს საუკეთესოს ამერიკის ინტერესების წინ წამოსაწევად საქართველოში.

ბატონმა ბასმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზებით უნდა მოხდეს.

ჯონ ბასის კანდიდატურა სენატის საგარეო ურთიერთoბების კომიტეტის სრულმა შემადგენლობამ უნდა მოიწონოს, რის შემდეგაც მის კანდიდატურას კენჭს უყრის სენატის სრული შემადგენლობა.

XS
SM
MD
LG