ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მუშაობას იწყებს ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც გულისხმობს 10 ოპოზიციენრი პოლიტიკოსისთვის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მანდატების დაბრუნებას. მაგრამ, მომავალი ცვლილებები არ შეეხება ვაკის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულ დავით გამყრელიძეს და დიდუბეში გამარჯვებულ დავით საგანელიძეს, ვინაიდან ამ ოლქებში უკვე ჩატარდა შუალედური არჩევნები და ვაკანტური ადგილები სხვებმა დაიკავეს..
საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში თავიანთი ადგილების დაკავება 2-ჯერ შესთავაზა, ბოლოს 20 ივლისს პარლამენტში გამოსვლისას, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციისგან ორივეჯერ უარი მიიღო.
ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ამბობს : -
მიუხედავად აშშ-ის უპირობო მხარდაჭერისა დღემდე სახელმწიფო ინსტიტუტები ისევ არ დგას ქართველი ხალხის სამსახურში. დემოკრატიული ინსტიტუტები - მედია, პარლამენტი, სასამართლო, კერძო ბიზნესი კვლავ კორუფციული და კლანური მმართველი გუნდის მიერ არის უზურპირებული.
ამ წლების მანძილზე ნაცვლად საზოგადოებრივი ინსტიტუტების განმტკიცებისა, კონკრეტული პიროვნებების უპირობო მხარდაჭერამ დღეს საქართველო დააბრუნა წარსულის ავტორიტარულ რეალობაში, რაც იქცა დესტაბილიზაციის მთავარ მიზეზად, გააჩინა უფსკრული საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, ქვეყანა დაუცველი გახადა გარეშე მტრის წინაშე და წარმოქმნილი კრიზისი თითქმის შეუქცევადი. პერსონალური ურთიერთობების გაძლიერებამ პრინციპების ხარჯზე აშშ-ის მიმართ კითხვები დასვა. ამას მოჰყვა მმართველი გუნდის უზომო თვითდაჯერება და გათამამება, რის
ერთ-ერთ და ტრაგიკულ შედეგად აგვისტოს ომი უნდა ჩაითვალოს.