ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩვენთან ინტერვიუში ვიცე პრეზიდენტის თბილისში სტუმრობას ეხმაურება ამერიკელი ექსპერტი დევიდ სეტერი


“ ვფიქრობ რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია, რამეთუ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამერიკის პოზიცია არსებითად არ შეცვლილა, სახელდობრ იმ მხრივ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ სუვერენულ ქვეყნებს აქვთ სრული უფლება არჩევანისა, ამა თუ იმ ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

სწორედეს აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამ მოსკოვში ვიზიტის დროს, მაგრამ ხსენებული პოზიციის დაფიქსირება უკრაინასა და საქართველოსთან პირდაპირი ურთიერთობების კონტექსტში უფრო გამართლებული აღმოჩნდა კიევსა და თბილისში ბაიდენის სტუმრობისას. “

დევიდ სეტერმა აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაცია მართლაც ცდილობს რუსეთთან დამეგობრებას, თუმცა იგი არ წასულა არანაირ დათმობაზე ისეთ სერიოზულ საკითხებში, როგორიცაა აღმოსავლეთ ევროპაში ანტი-სარაკეტო ფარის აგება, აგრეთვე ნატოს ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება.

სეტერი იმედოვნებს, რომ ობამას ადმინისტრაცია არ შეცვლის თავის პოზიციას, თუნდაც მაშინ, თუ რუსეთი ზეწოლას გაზრდის, რაც სულაც არ არის გამორიცხული.

“ თუ მოხდება საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევა, ეს აუცილებლად დაძაბავს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას და მაშინ, აშშ-ს მოუხდება იმის განსაზღვრა, თუ რამდენადაა მზად იგი წავიდეს ამგვარ რისკზე.”

ობამას ადმინისტრაცია ერთიხ მხრივ ცდილობს ურთიერთობების გაუმჯობესებას რუსეთთან, თუმცა მეორეს მხრივ ვიცე პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი საქართველოში დასტურია იმისა, რომ ამერიკა-რუსეთის კავშირების ნორმალიზაციასთან ერთად ვაშინგტონი კვლავ უჭერს მხარს უკრაინისა და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და დასავლეთისკენ სწრაფვას.

“ პრობლემა შეიქმნება მაშინ, თუ რუსული აგრესია განხორციელდა ან თუ ნატო გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხში.

ამგვარ ვითარებაში კონფრონტაცია უფრო რეალური ხდება, რაც ობამას ადმინისტრაციას სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენებს”.


XS
SM
MD
LG