ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში ბაიდენის ვიზიტის დეტალები



ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს დედაქალაქ თბილისს ესტუმრა ოთხშაბათს. საქართველოში სტუმრობა ბაიდენის მისიის დასასრულს წარმოადგენს, მისიისა რომლის მთავარი მიზანია უკრაინისა და საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის დადასტურება.

უკრაინიდან გამგზავრებამდე, ბატონმა ბაიდენმა განაცხადა ბიზნესმენებთან, პოლიტიკოსებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იდგება მანამ სანამ ეს ქვეყანა “თავისუფლებისა და აყვავების გზას” ადგას.

ვიცე პრეზიდენტმა აგრეთვე დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ და უკრაინის ლიდერებს ურჩია კომპრომისის მიღწევა იმ საკითხებზე რომლებმაც ქვეყნის მთავრობაში განხეთქილება გამოიწვია.

საქართველოში ვიცე პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ორ დღეს გასტანს. დაგეგმილია მისი შეხვედრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ოპოზიციის ლიდერებთან. აღსანიშნავია რომ უკვე ოთხი თვეა რაც ოპოზიციის მხარდამჭერები სააკაშვილის მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებს აწყობენ თბილისში.

გაზეთ ვაშინგტონ პოსტში დღეს გამოქვეყნებულ სტატიასა და ინტერვიუში აღნიშნულია რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აპირებს პირადად მიმართოს ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თხოვნით რათა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო თავდაცვითი შეიარაღებით მოამარაგოს.

თბილისში ჩასულ ვიცე პრეზიდენტს ქუჩაში შეკრებილი ხალხი ეგებებოდა. “ჩვენ ეთნიკური წმდენდის მსხვერპლნი ვართ,” “ჩვენ თავისუფლების სიყვარულისთვის დაგვსაჯეს,” “თქვენ ჩვენი იმედი ხართ” - აი ასეთი ტრანსპორანტებით ესალმებოდნენ ამერიკელ სტუმარს თბილისში.

XS
SM
MD
LG