ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რობერტ მაკნამარას პროფილი: ცხოვრება და მოღვაწეობა



1961 წელს რობერტ სტრეინჯ მაკნამარამ დატოვა ფორდის საავტომობილო კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობა ვინაიდან თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა და ამ თანამდებობაზე მან ჯონ კენედისა და ლინდონ ჯონსონის პრეზიდენტობის დროს იმსახურა.

ვაშინგტონში ჩამოსვლის დღიდან, მაკნამარას უკანგადავარცხნილმა თმამ, მისმა უჩარჩო სათვალემ და გამართულმა აღნაგობამ იგი ადვილად ამოსაცნობი გახადა.

პენტაგონში მისულს მას უკვე ჰქონდა საკმაო გამოცდილება. დაბადებული სან ფრანცისკოში 1916 წელს, მაკნამარა ბრწყინვალე ფრიადოსანი სტუდენტის რეპუტაციით სარგებლობდა ქალაქ ბერკლიში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში. იქ იგი ფი ბეტა კაპას საპატიო საზოგადოების წევრი იყო.

მაკნამარამ კომერციული საქმიანობის მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს კოლეჯში მოიპოვა. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის საჰაერო კორპუსში მსახურობდა სადაც პოდპოლკოვნიკის წოდება მიიღო. ომის შემდეგ საკუთარ კოლეგებთან ერთად მოპოვებული სტატისტიკური კონტროლის ესქპერტის სპეციალობით მან დაიწყო სამსახურის ძებნა. ხსენებული პირები “გრძნეული ბავშვების” სახელით იყვნენ ცნობილი და ფორდის საავტომობილო კომპანიამ სამუშაოდ აიყვანა ისინი. ფორდში მათ მალე მართვის ოსტატთა რეპუტაცია მოიპოვეს.

მაგრამ მაკნამარას პასუხისმგებლობა ვიეტნამში ამერიკის როლის გამო არის ის რის გამოც იგი ეხსომება თაობებს. იგი ცნობილი იყო როგორც ერთ-ერთი უმთავრესი ავტორი პოლიტიკისა რომლის შედეგადაც 58,000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

1964 წელს, პრეზიდენტ ჯონსონის სათავეში მოსვლის შემდეგ, მაკნამარა ქორების ბანაკის წევრად ითვლებოდა. აი რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით მაშინ რობერტ მაკნამარამ:

“სამხრეთ ვიეტნამელებს სურთ საკუთარი ომის გაგრძელება. ჩვენ ეკონომიკურ დახმარებას ვაწვდით მათ.

ჩვენ სამხედრო მომზადებითა და ლოგისტიკური დახმარებით ვუწყობთ მათ ხელს.

ჩვენ არ ვაწარმოებთ საბრძოლო ოპერაციების უმეტესობას.”

ეს დამოკიდებულება შემდგომში მკვეთრად შეიცვალა როცა მაკნამარამ მხარი დაუჭირა ამერიკის სწრაფ და მზარდ მონაწილეობას ვიეტნამის კონფლიქტში. 1968 წლის ივნისისთვის, 500,000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა ვიეტნამში.

მაკნამარას და სხვა სახელმწიფო მოხელეებს სჯეროდათ ეგრეთ წოდებული “დომინოს თეორიისა.”

“თუ კომუნისტები გაბატონდებიან სამხრეთ ვიეტნამში, მაშინ ეჭვგარეშეა, მათ კონტროლქვეშ აღმოჩნდება მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, რასაც ტალღისებური ეფექტი ექნება დასავლეთის მიმართულებით პაკისტანში, აღმოსავლეთით ფილიპინებზე და სამხრეთით ინდონეზიაში. ჩვენ მოგვიწევს ხანგრძლივი ბრძოლა. ეს იქნება დაუნდობელი და დამღლელი ომი, მაგრამ ამ ომის მოგება შესაძლებელია. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ვიეტნამელებს ამ ომის მოგებაში.”

მაკნამარა ყველაზე დიდ ხანს იყო თავდაცვის მინისტრი. მას ერთობ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირთან კუბის სარაკეტო კრიზისის მოგვარების საკითხში. რობერტ მაკნამარამ მხარი დაუჭირა ეგრეთ წოდებულ ღორის ყურეში შემოჭრას რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა როცა განდევნილ კუბელთა ჯგუფმა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დახმარებით ფიდელ კასტროს ჩამოგდება ვერ შეძლო.

მხოლოდ 1995 წელს, როცა გამოიცა მაკნამარას მემუარების კრებული სახელწოდებით “ვიეტნამის ომის ტრაგედია და გაკვეთილები,” ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა აღიარა იმ პოლიტიკის საბოლოო მარხცი რომელსაც იგი ოდესღაც ესე გამუდმებით ატარებდა.

“პრეზიდენტი კენედი, სახელმწიფო მდივანი დინ რასკი, მე, შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავჯდომარე - ჩვენ ყველანი მეორე მსოფლიო ომში ვიბრძოდით. უინსტონ ჩერჩილმა თქვა, რომ დასავლეთის დაგვიანებულ პასუხს ჰიტლერის აგრესიაზე მილიონობით ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა მეორე მსოფლიო ომში. ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა საკადრისი პასუხი გაგვეცა 50-იან და 60-იან წლებში ჩადენილ კომუნისტურ აგრესიაზე. გვჯეროდა, რომ კომუნისტებს მსოფლიო ბატონობა სურდათ. აი რას გეტყვით, ამის გარკვეული დადასტურებაც იყო. 1961 წლის აგვისტოში, როცა მე თავდაცვის მინისტრი ვიყავი, საბჭოთა კავშირი დასავლეთ ბერლინის აღებას შეეცადა. ერთი წლის შემდეგ, 1962 წლის ოქტომბერში, მათ დააყენეს ბირთვული რაკეტები კუბაში. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ბირთვული ომის საშიშროებასთან. 1967 წლის ივნისში მოსკოვმა სცადა ისრაელის გასანადგურებლად ეგვიპტისათვის აღმოეჩინა დახმარება. ასე რომ საშიშროება ნამდვილად არსებობდა. თუმცა ვფიქრობ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არასწორად შევაფასეთ ვითარება. ჩვენ შევცდით.”

1968 წელს მაკნამარას გაუჩნდა ეჭვები ვიეტნამის ომთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ შეძლო დაერწმუნებინა პრეზიდენტი და მისი მრჩევლები აღებული გეზის კორექტირებაში.

შედეგად მაკნამარამ დატოვა თავისი სავარძელი პენტაგონში და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად იქნა დასახელებული. ამ თანამდებობაზე მან 13 წელი იმსახურა.

მსოფლიო ბანკში მან კამპანია წამოიწყო სიღარიბის წინააღმდეგ და ღარიბი ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების მნიშვნელოვან გაზრდას მიაღწია.

ამისდა მიუხედავად მას მძიმე ტვირთად აწვა ვიეტნამის ომის განცდა და ამ კონფლიქტის უარყოფითი ზეგავლენა მის ოჯახზე.

“ჩემს ცოლს ორი წყლული გაუჩნდა ხოლო ჩემს შვილს ერთი და საერთოდ საშინლად დაძაბულები ვიყავით. ეს გასაგებია. ეს ხომ გადაუჭრელი პრობლემა იყო.”

მაკნამარას აკრიტიკებდნენ იმისათვის, რომ მან ვიეტნამის ომის პოლიტიკის შეცდომები მხოლოდ პენტაგონიდან წასვლის შემდეგ ათწლეულების შემდეგ აღიარა. მისი მემუარების კრებული 1975 წელს საიგონის დაცემიდან 20 წლის თავზე გამოქვეყნდა.

მაგრამ მაკნამარას თქმით დიდი ხნის წინ მომხდარი ამბების სათანადო გარკვევისთვის გარკვეული დრო იყო საჭირო.

“მე ვფიქრობ რომ მე და ჩემი თანაშემწეები ვხელმძღვანელობდით იმით რაც ჩვენი აზრით წარმოადგენდა ჩვენი ერის ტრადიციებს, პრინციპებსა და ფასეულობებს. მაგრამ ჩვენ ვცდებოდით. ამგვარად, მე ვფიქრობ, რომ მომავალი თაობების წინ ჩვენი ვალია განვმარტოთ ჩვენი ქმედებები და გამოვიტანოთ სათანადო დასკვნები რათა მომავალში აღარ განმეორდეს იგივე შეცდომები. ესაა ჩვენი მიზანი.”

რობერტ მაკნამარა 2003 წელს ოსკარით დაჯილდოებული დოკუმენტური ფილმის “ომის წყვდიადის” მთავარი გმირი იყო. ამ ფილმის ავტორების გადმოცემით, მაკნამარას პრეზიდენტ კენედისა და ჯონსონთან ურთიერთობის საფუძველზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას რომ მისი ადრინდელი დახასიათება რომლის თანახმადაც იგი გამოყვანილია ამპარტავან და მილიტარისტულ ტექნოკრატად სინამდვილეს არ შეესაბამება.

XS
SM
MD
LG