ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველი შეხვედრა გალში უსაფრთხოების თემაზე


გუშინ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ცხინვალში ჩავიდა. რუსეთის ფედერაციის პირველმა პირმა შეხვედრები სეპარატისტული ცხინვალის რეჟიმთან გამართა და ცხინვალის აღდგენითი დაათვალიერა. ეს მედვედევის პირველი ვიზიტია მის მიერ აღიარებულ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ ცხინვალში საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლის გამო განცხადება გაავრცელა. "რუსეთის პრეზიდენტმა ეს უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, რაც ცალსახად მიანიშნებს, რომ რუსეთის სახელმწიფო მიზანდასახულად აგრძელებს სხვა ქვეყნის შინაურ საქმეებში უხეშად ჩარევას და მისი ტერიტორიის ფაქტობრივ ანექსიას. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ჩასვლა ცხინვალის რეგიონში საეჭვოდ დაემთხვა თურქეთის რესპუბლიკაში "ნაბუკოს" გაზსადენის მშენებლობის პროექტზე ხელმოწერას, რომელიც რუსეთს საშუალებას არ მისცემს ენერგეტიკული ბერკეტი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. საქართველოს ხელისუფლებასთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე რუსეთ - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა და ვოიაჟი ცხინვალის რეგიონში, სადაც 2008 წლის აგვისტოში ქართული მოსახლეობის მორიგი ეთნიკური წმენდა განხორციელდა, განხილული უნდა იყოს, როგორც საერთაშორისო ნორმების სერიოზული ხელყოფა და საქართველოს სუვერენიტეტის სრული უპატივცემულობა",— ნათქვამია განცხადებაში.

დღეს დილიდან გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში პირველი შეხვედრა დაიწყო ქართული და აფხაზური მხარეების, და ასევე ადგილზე განლაგებული რუსული ძალების სარდლობის მონაწილეობით.

შეხვედრის გამართვის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და გაეროს ხელშეწყობით იმართება, ივლისის დასაწყისში ჟენევის მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდზე იქნა მიღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენს. ამჟამად გალში მხოლოდ 10 ათასი მოსახლეა დარჩნილი.და ბოლოს მოგახსენებთ, რომ გალის რეგიონში შემოდგომის შემდეგ 100-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა. დაიღუპა 19 ადამიანი, რამდენიმე ათეული კი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG