ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ივლისის თვეში მომხდარი მნიშვნელოვანი, ისტორიული მოვლენები


ათი წლის წინ, 1999 წლის 16 ივლისს ჯონ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი და მისი მეუღლე კაროლინ ბესეტი, აგრეთვე ამ უკანასკნელის და ლორენ ბესეტი დაიღუპნენ როცა თვითმფრინავი რომელსაც კენედი მართავდა ზღვაში ჩავარდა. ისინი ნიუ ჯერსიდან მასაჩუსეტში მიფრინავდნენ. 38 წლის კენედი საყოველთაოდ ცნობილი პიროვნება-პრეზიდენტ კენედის შვილი იყო.

1845 წლის 21 ივლისს ტერმინი “ბედის მანიფესტი” პირველად იყო ნახსენები ერთ-ერთ ჯურნალში, რითაც საწყისი მიეცა პრინციპს რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატების ღვთაებრივი მისია მთელს კონტინენტზე ცივილიზაციის გავრცელებაა. სტატიის ავტორმა ჯონ სალივანმა ეს ტერმინი გამოიყენა სტატიაში ტეხასის ანექსიის შესახებ. XIX საუკუნის მიწურულს ამერიკელები ხსენებულ ტერმინს იყენებდნენ დასავლეთის ტერიტორიების ანექსიის გასამრთლებლად და ინდიელი ტომების დასათრგუნავად. ექსპანსიონისტები “ბედის მანიფესტის” იდეას იყენებდნენ ამასთანავე ამერიკის გავლენის გასავრცელებლად კონტინენტური საზღვრების გარეთ წყნარი ოკეანის რეგიონის და კარიბის ზღვის აუზში.

50 წლის წინათ 1959 წლის 24 ივლისს შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი რიჩარდ ნიკსონი და საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი ცივი ომის დროინდელ ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ პოლემიკაში ჩაებნენ. ნიკსონი მოსკოვს ეწვია, სადაც ოფიციალურად გაიხსნა ამერიკის ეროვნული გამოფენა. ნიკსონსა და ხრუშჩოვს შორის გაიმართა ცხარე კამათი იმის თაობაზე, რომ, ნიკსონის თქმით, კაპიტალისტურ სისტემას აშკარა უპირატესობა გააჩნია კომუნიზმთან შედარებით. ისინი შეჩერდნენ გამოფენაზე ნაჩვენებ ერთ-ერთ სახლთან რომლის ყიდვა საშუალო ამერიკელს ძალუძს. ამას მოჰყვა კამათი იმის თაობაზე თუ რომელ სისტემას შეუძლია დააკმაყოფილოს ხალხის საჭიროება კაპიტალისტურსა თუ კომუნისტურს.

1963 წლის 25 ივლისს შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად იკრძალება ბირთვული იარაღის გამოცდა ატმოსფეროში, ზღვასა და კოსმოსში. პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ასეთნაირად განუმარტა ამერიკელ ხალხს ამ ხელშეკრულების არსი:

“ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მიღწეულ იქნა შეთანხმება რათა საერთაშორისო კონტროლს დაექვემდებაროს ბირთვული იარაღის გამოცდა. ეს ხელშეკრულება სამუდამო არაა. თუმცა ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ნაბიჯი მშვიდობის, ნაბიჯი საზრიანობისა და ომიდან თავის აცილების გზაზე.”

1948 წლის 26 ივლისს პრეზიდენტმა ჰერი ტრუმენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებსა და აგრეთვე სამოქალაქო და ფედერალური მთავრობის უწყებებში რასობრივი სეგრეგაციის აკრძალვის შესახებ. როგორც ტრუმენმა აღნიშნა ამ ბრძანების მიზანია თანაბარი შესაძლებლობა მიანიჭოს ყველა პიროვნებას მათი რასობრივი, რელიგიური თუ ეროვნული წარმომავლობის მიუხედავად.

1953 წლის 27 ივლისს შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კორეის ნახევარკუნძულზე საომარ მოქმედებათა შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების ხელმოწერას ოფიციალურ წარმომადგენელთა ორი წლის განმავლობაში 573 შეხვედრა უძღვოდა წინ. ეს იყო იმ დროისთვის ყველაზე ხანგრძლივი სამშვიდობო მოლაპარაკება.

1958 წლის 29 ივლისს პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენხაუერმა ხელი მოაწერა განკარგულებას შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული სააგენტოს დაარსების შესახებ. ამ სააგენტომ 47 წლის წინ დაარსებული აერონავტიკის ეროვნული საკონსულტაციო კომისია შეცვალა.

XS
SM
MD
LG