ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოს საპყრობილეში მყოფი ზოგიერთი პატიმარი შესაძლოა განუსაზღვრელი ვადით დარჩეს საპყრობილეში


გუანტანამოს საპყრობილეში მყოფი ზოგიერთი პატიმარი შესაძლოა განუსაზღვრელი ვადით დარჩეს საპყრობილეში გასამართლების გარეშე

სამშაბათს ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა აცნობა სენატორებს რომ სავსებით შესაძლებელია რომ გუანტანამოს საპყრობილეში მყოფი ზოგი პატიმარი განუსაზღვრელი დროით დარჩეს პატიმრობაში თუ მათგან მოსალოდნელია რაიმე სახის საშიშროება. ხსენებულმა ოფიციალურმა პირმა ამის შესახებ სენატის სამხედრო ძალების კომიტეტს აცნობა. ამ შენიშვნებმა დემოკრატიული პარტიის წევრებისა და ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების კრიტიკა გამოიწვია. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელიზაბეთ ლი იუწყება გუანტანამოს საპყრობილეში მყოფი პატიმრების ბედზე. ეს არის ამერიკის ყველაზე სადავო ციხე. გუანტანამოს ყურეში მდებარე საპყრობილეში ამჟამად 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის თვითმარქვია ორგანიზატორი, აგრეთვე სხვა ტერორისტულ აქტებში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებიან.

თავისი პირველი სამუშაო კვირის დასაწყისში პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რომლის მიხედვითაც გუანტანამოს საპყრობილე 2010 წლის იანვარში უნდა დაიხუროს.

"ამ ბრძანებაზე ხელის მოწერით მე არა მხოლოდ ჩემი პოლიტიკური კამპანიის დანაპირებს ვასრულებ არამედ ამით მე ხაზს ვუსვამ იმ შთაგონებას, რომელიც ჩვენი დამაარსებელი მამების დროიდან მოგყვება. ეს არის ის რომ ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ ქცევის ფუნდამენტალური პრინციპების შესრულებას.

თავდაპირველად პრეზიდენტ ობამას გეგმა პატიმართა ნაწილის გასამართლებას ფედერალურ სასამართლოში ან სამხედრო კომისიებში ხოლო დანარჩენის საზღვარგარეთ გაგზავნას ითვალისწინებდა.

მაგრამ სენატში მოწყობილ მოსმენაზე თავდაცვის დეპარტამენტის ვექილმა ჯე ჯონსონმა დასძინა რომ პატიმართა გარკვეული ჯგუფი საპყრობილეში უნდა დარჩეს.

"პატიმართა საქმეების განხილვის პროცესის დასასრულს გაირკვევა იმ ადამიანთა კატეგორია, რომელიც ჩვენი ადმინისტრაციის აზრით, ციხეში უნდა დარჩეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ეროვნული უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე და მათ ჩვენ ალბათ არ გავასამართლებთ."

ჯონსონმა აღნიშნა ამასთანავე რომ იმ შემთხვევაშიც თუკი პატიმარი გამართლებული აღმოჩნდება სასამართლოს შემდეგ, მისი განუსაზღვრელი ვადით დაკავება არაა გამორიცხული.

"როცა განხილვის პერიოდი დასასრულს მიუახლოვდება და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის პირი საშიშროებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, მიმაჩნია რომ ჩვენ გვექნება ამ პირის დაკავების სრული უფლება."

ჯო ბეკერი ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია ჰიუმან რაიტს უოტჩის დირექტორის მოადგილეა.

"ამგვარი ზომის მიღება ახალ ადმინისტრაციას ბუშის მიერ გაკვალული გზისკენ უბიძგებს და ამ გზის ბოლოს ის უკეთეს ადგილას ნამდვილად ვერ აღმოჩნდება."

თავის დროზე საერთაშორისო თანამეგობრობამ გააკრიტიკა პრეზიდენტი ბუში სასამართლოების გარეშე ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკავების გამო. ზოგიერთის აზრით ამ გარემოებამ ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაციას ზიანი მიაყენა.

პრეზიდენტმა ობამამ თავად განაცხადა რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განუხრელად უნდა შეასრულოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებები და ამით ამერიკული ფასეულობები დაიცვას.

მან აღნიშნა აგრეთვე რომ მისი ადმინისტრაცია ითანამშრომლებს კონგრესთან და სასამართლო სისტემასთან განუსაზღვრელი დროით დაკავების გეგმის თაობაზე.

"ჩვენ ვიხმართ ყველა შესაძლო ღონეს ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ჩვენ ანგარიშვალდებულებისა და მეთვალყურეობის გარანტიასაც ვიძლევით, რაც ჩვენი კონსტიტუციური სისტემის ყველაზე საყრდენი საფუძველია."

პრეზიდენტ ბუშის მსგავსად, ბატონი ობამა აღნიშნავს რომ პატიმართა ნაწილის გასამრთლება სამხედრო კომისიებში მოხერხდება. თუმცა, თეთრ სახლზე დაყრდნობით, წამების ხერხით მოპოვებული ინფორმაცია არ დაიშვება დამამტკიცებელ საბუთად და პატიმრებს მიეცემათ ადვოკატებთან ურთიერთობის უფრო მეტი შესაძლებლობა.

ჰიუმან რაიტს უოტჩის აზრით კი სამხედრო სასამართლოების ჩატარება ყოვლად მიუღებელია.

"ამ კომისიებს საუბედუროდ საკმაოდ ბევრი ხარვეზი აქვს. შეუძლებელია მათი გადახალისება ისეთნაირად რომ მათ ნდობა მოიპოვონ მსოფლიო საზოგადოების თვალში."

აღსანიშნავია რომ გუანტანამოს ყურეში მდებარე საპყრობილეში ამჟამად 229 პატიმარი იმყოფება. ჯერ ჯერობით გაურკვეველია რამდენი იქნება განთავისუფლებული, რამდენს გაასამართლებს სასამართლო ან რამდენი დარჩება კვლავაც პატიმრობაში გასამართლების გარეშე.


XS
SM
MD
LG