დღეს თეირანში ხელისუფლებამ რამდენიმე ასეული ადამიანის მონაწილეობით მიმდინარე საპროტესტო აქცია დაარბია. ირანის სახელმწიფო რადიო დღეს იტყობინებოდა, რომ გასულ შაბათს 457 ადამიანი დააკავეს, როცა ირანის უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას ჰქონდა ადგილი.
არეულობისას 10 ადამიანი დაიღუპა. ირანის ოფიციალური წყაროების მონაცემებით, არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არაოფიციალური ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობა უფრო მაღალია.
ამ ფონზე, ირანის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ საზედამხედველო საბჭოს განცხადებებს, რომელთა თანახმად ირანის სხვადასხვა ქალაქში ხმის მიცემისას პრობლემები იქნა დაფიქსირებული. ირანის პრეს ტვ სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლის აბას ალი ხადხოდეის ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებებს იმოწმებს, სადაც ხაზგასმულია, რომ ირანის 50 მდე ქალაქში დარეგისტრირებულ ამომრჩეველზე მეტი ხმა იქნა მიცემული, და რომ სამ მილიონამდე მეტი საარჩევნო ხმის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. საბჭოს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით საბჭოს იმის თქმის საშუალება არ აქვს-თუ რამდენად შეცვალა არჩევნების შედეგები ამ პრობლემებმა. მან ასევე უარყო დამარცხებული კანდიდატის ბრალდება, რომ თითქოს საარჩევნო ხმების გაყალბებას 80 მდე ქალაქში ჰქონდა ადგილი.