პაკისტანის ხელისუფლება ამტკიცებს რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწია თალიბებთან ბრძოლაში, თუმცა დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტებს უჭირთ ამის დადასტურება, რადგან შეზღუდულია ბრძოლების რაიონში მათი გადაადგილება.
სამხედრო ანალიტიკოსები თვლიან რომ პაკისტანის ხელისუფლების მტკიცება თალიბთა დამარცხების შესახებ ძალზე გაზვიადებულია. უფრო მეტიც არსებობს საფრთხე რომ თალიბები შესძლებენ პაკისტანის ჩინეთთან დამაკავშირებელი არტერიის გადაკეტვას.
მას შემდეგ რაც პაკისტანის მთავრობამ თალიბების წინააღმდეგ შეტევა წამოიწყო იოსლამაბადი ამტკიცებს, რომ მოწინააღმდეგის უამრავი მებრძოლი გამოასალმა სიცოცხლეს და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის უმეტეს რაიონებზე აღადგინა კონტროლი. მაგრამ ამ ინფორმაციის შემოწმება თითქმის შეუძლებელია რადგან სვატის რაიონის კომუნიკაციები გადაჭრილია არმია კი კრძალავს საომარი მოქმედებების ზონაში ჟურნალისტების მუშაობას.
როგორც ამერიკელი პროფესორი და სამხედრო ექსპერტი ლარი გუდსონი მიიჩნევს პაკისტანის მთავრობის განცხადებები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს:“ მე ვფიქრობ რომ პაკისტანელი სამხედროები გადამწვარი მიწის ტაქტიკას მიმართავენ. ისინი უმოწყალოდ ბომბავენ და წვავენ სოფლებს და შემდეგ აცხადებენ რომ აჯანყებული თალიბები გაანადგურეს. მათი სიტყვების შემოწმება კი არავის შეუძლია.“
სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ რომ პაკისტანის არმიის ტაქტიკა არ იცვლება თალიბებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. სამი თვის წინათ მათ ბაჯურის პროვინცია გაწმინდეს თალიბებისგან. როგორც ბრიტანეთის ბრედფორდის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი შაუნ გრეგორი ამბობს:“ ბუნერის, დირის და სვატის რაიონებში პაკისტანელი სამხედროები ერთი და იმავე ტაქტიკას იყენებენ. ისინი არტილერიის, სამხედრო შვეულმფრენების და საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებით ბომბავენ მოწინააღმდეგის პოზიციებს. შემდეგ მოწინააღმდგესთან შედარებით დიდი რიცხობრივი უპირატესობის მქონე პაკისტანის არმია შეტევაზე გადადის, მაგრამ ბრძოლები მაინც გააფთრებული ხასიათისაა. ყველაფერი კი იმით მთავრდება რომ უამრავი ქალაქი და სოფელი მიწასთანაა გასწორებული, ადგილობრივი მოსახლეობა კი ტოვებს თავის საცხოვრებელ ადგილებს.“
როგორც სამხედრო ექსპერტი ლარი გუდსონი ამბობს თალიბთა მცირერიცხოვანი რაზმები იოლად ახერხებენ ამ რაიონებიდან თავის დაღწევას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისინი უკან კი არ იხევენ თავიანთი ტომების განსახლების რაიონებში, არამედ ქვეყნის ჩრდილოეთისკენ და აღმოსავლეთისკენ მიემართებიან.
ზოგიერთი უცხოელი ანალიტიკოსი თვლის რომ თალიბებს თავისუფლად შეუძლიათ ყარაყორუმის გზატკეცილის გადაკეტვა. მეგობრობის გზატკეცილის სახელით ცნობილი ეს 1300 კილომეტრიანი მაგისტრალი თანამედროვე საინჟინრო ხელოვნების მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. ის ზღვის დონიდან 4800 მეტრის სიმაღლემდე ადის და პაკისტანსა და ჩინეთს აკავშირებს.
როგორც შაუნ გრეგორი მიიჩნევს ისლამაბადის გადაწყვეტილება სვატის რაიონში თალიბთა წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ მარტო ამერიკელთა ზეწოლით და ტერორისტებთან ომით არ იყო განპირობებული. აქ თავისი როლი ჩინეთმაც ითამაშა, რომელიც შეშფოთებულია ყარაყორუმის გზატკეცილის სიახლოვეს ისლამისტთა შეიარაღებული რაზმების გამოჩენით.
როგორც ცნობილია მოჯახედები ამჟამად პაკისტანის ქალაქ ფეშავარიდან ავღანეთში მიმავალ საავტომობილი გზაზე ხიდებს აფეთქებენ, რათა ავღანეთში მებრძოლი ნატოს ჯარები მოწყვიტონ მომარაგების ბაზებს. თუ თალიბები ყარაყორუმის გზატკეცილსაც დაემუქრებიან, ეს კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას, რადგან პაკისტანის დღევანდელი მთავრობის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ სასიცოცხლო ობიექტებს შეუქმნის საფრთხეს. ისლამისტების გავლენის ზრდა მისი საზღვრების სიახლოვეს კი ჩინეთის ინტერსებსაც დაემუქრება.
ყოველშემთხევაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 მაისს უკვე გააფრთხილა მთასვლელობის მოყვარე უცხოელები, რომ გილგითის ალპინისტურ ბანაკში თვითმფრინავით გადაფრენა უფრო უსაფრთხო საქმეა ვიდრე ყარაყორუმის გზატკეცილით ისლამაბადიდან ამ პოპულარულ კურორტზე ავტომობილით გამგზავრება.