შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ისლამურ სამყაროს ამერიკასთან ახალი ურთიერთობების დაწყებისკენ მოუწოდა. მსოფლიოს მილიარდნახევარი მუსლიმანისადმი გაგზავნილ მიმართვაში ბარაქ ობამამ აღნიშნა რომ უნდა დამთავრდეს ამერიკასა და მუსულმანებს შორის ეჭვების და უთანხმოების ერა.
ქაიროს უნივერსიტეტში გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა რომ ამერიკა და ისლამური სამყარო უნდა გაერთიანდნენ ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ბარაქ ობამას განცხადებით:" ქაიროში ჩემი ჩამოსვლის მიზანი ამერიკასა და მუსლიმანებს შორის ახალი ერის დაწყების მაუწყებელია, რომელიც ურთიერთ პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული."
პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ აუწყა ქაიროს უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილების შესახებ გამოიყვანოს ჯარები ერაყიდან. ბატონი ობამას მტკიცებით მას ავღანეთიდანაც სურს გამოსვლა, მაგრამ იძულებულია გააგრძელოს ბრძოლა ექსტრემისტების წინააღმდეგ.
ბარაქ ობამამ თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზეც გაამახვილა ყურადღება. ის ხომ ქრისტიანია, რომელსაც მუსლიმანი ნათესავები ჰყავს, გარდა ამისა ობამამ თავისი ბავშვობის დიდი ნაწილი მუსლიმანურ ინდონეზიაში გაატარა. მისი თქმით:" ჩემი გამოცდილებით ვიცი რომ ამერიკასა და ისლამურ სამყაროს შორის თანამშრომლობა ჭეშმარიტ და არა გამოგონილ ისლამურ პრინციპებზე უნდა იყოს დამყარებული. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ ისლამის შესახებ უარყოფითი სტერეოტიპების დასანგრევად."
ბარაქ ობამას განცხადებით ექსტრემისტები ცდილობენ ჩვენს წინარმდეგობებზე ითამაშონ და სხვადასხვა რწმენის ადამიანებს კლავენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი თქმით:" მილიარდზე მეტი ადამიანის ჭეშმარიტი სარწმუნოება გაცილებით ძლიერია ვიდრე სიძულვილით შეპყრობილი მცირერიცხოვანი ადამიანების ძალისხმევა. ისლამურმა რელიგიამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს მშვიდობის დამყარების საქმეში."
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის მთავარი წყაროა. პრეზიდენტ ობამას განცხადებით პალესტინელებმა უარი უნდა თქვან ძალადობაზე, ისრაელმა კი უნდა შეწყვიტოს ახალი დასახლებების მშენებლობა ოკუპირებულ მიწებზე. მისი თქმით:" კერძო საუბრებში მრავალი მუსლიმანი აცნობიერებს რომ ისრაელი არსად არ გაქრება, ასევე ბევრი ებრაელი მიიჩნევს რომ აუცილებელია დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ჩვენც ზუსტად ამ მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ."
გარდა ამისა ბარაქ ობამამ ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მზადყოფნას გააუმჯობესოს ურთიერთობები ირანთან. ის ასევე შეეხო ისლამურ სამყაროში დემოკრატიის განვიტარების რწმენის თავისუფლების და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს. სხვათა შორის ბარაქ ობამამ აღნიშნა, რომ დასავლეთში გავრცელებული სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ სრულიადაც არ მიიჩნევს მუსლიმანი მანდილოსნების მიერ თავსაფრის ტარებას ქალთა უფლებების დარღვევად, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მუსლიმანი ქალებისთვის განათლების მიღებაში არსებულ შეზღუდვებს აქ საჭიროა თანასწორობის დაცვა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლამდე ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა და ქაიროს მეჩეთი მოინახულა. ამერიკის ტრადიციული მოკავშირეები მოწონებით შეხვდნენ ბარაქ ობამას ამ გამოსვლას.
ამერიკის ხმის მსმენელებს შეუძლიათ თავისი აზრი აღნიშნულ მიმართვასთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტით გადააგზავნონ შემდეგ მისამართზე - ObamaSpeech@voanews.com