ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები ცხინვალში


ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნები 31 მაისს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა ედუარდ კოკოითის პარტია "ედინსტვომ" დააგროვა. ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია და რუსული ჩექმით იმართება. ამ ვითარებაში კი არჩევნებზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია. არჩევნებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აკრიტიკებს.

"ვაშინგტონი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს და არც მის შედეგებს", – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის რობერტ ვუდის მიერ გავრცელებულ მიმართვაში. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რეგიონში ჩატარებული არჩევნები უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა, რომელიც მოლაპარაკებისა და კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას არ ემსახურება.

მიმართვაში სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე, ცხინვალის საპარლამენტო არჩევნებზე მომხდარ ინციდენტებზე საუბრობს. "ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს სერიოზულად აქვს შელახული იმიჯი და მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებში კოკოითის პარტია ლიდერობს, დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში მას მოსკოვი აუცილებლად ჩაანაცვლებს ჯუსოითით, რომელსაც ზურგს რუსული ენეგრო-კომპანია „გაზპრომი" უმაგრებს. ცხინვალის ცესკო-ს არჩევნების შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია. კოკოითის ოპოზიცია კი უკვე უკმაყოფილოა. მათ მიერ ქალაქის ცენტრში გუშინ გამართული არასანქცირებული მიტინგი, დე-ფაქტო მთავრობამ დაარბია". ჩვენი ანუ ქართული მხარის დამოკიდებულება და შეფასებები კონფლიქტურ ზონებში მიმდინარე მოვლენებზე, შესაძლებელია დღეს ერთგვარი შესავალი, ახალი ეტაპი იყოს, ახალ სახალხო დიპლომატიაში.

XS
SM
MD
LG