პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსეფ რაზა გილანიმ ქვეყნის პარლამენტს განუცხადა, რომ სვატის ველიდან მასობრივი გახიზნვა, 1947 წლის ანუ ქვეყნის დაარსების შემდეგ პაკისტანში ხალხის ყველაზე დიდ გადაადგილებას წარმოადგენს. მან თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება იწინასწარმეტყველა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის მთავრობა ხიზანთა პრობლემას ვერ მოაგვარებს, სახალხო მხარდაჭერასაც დაკარგავს. გაეროს მონაცემებით, მიმდინარე ბრძოლების შედეგად სვატის ველიდან რვაას ათასამდე, ხოლო მთლიანად წელს კი ერთ მილიონზე მეტი ადამიანია ლტოლვილი. რეგიონის ახალი ამბების სააგენტოები კი ავრცელებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სვატის ველზე მებრძოლ თალიბებს დახმარებას პაკისტანში აკრძალულ, ლაშკარ-ე-თაებას შეიარაღებულ ფორმირებასთან მჭიდროდ დაკავშირებული საქველმოქმედო ორგანიზაცია ჯამაათ-ე-დავა უწევს.