ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უშიშროების უზრუნველმყოფი კომპანია “ბლექვატერი” ბაღდადში ოპერირებას წყვეტს


შეერთებული შტატების საელჩომ ერაყში განაცხადა, რომ ამერიკულმა უშიშროების უზრუნველმყოფმა კომპანიამ “ბლექვატერმა” ბაღდადში ოპერირება შეწყვიტა. საელჩოს პრეს-მდივანმა სიუზან ზიადემ აღნიშნა, რომ კომპანიის ხელშეკრულების ვადა დღეს ამოიწურა და ამიერიდან ბაღდადში მომსახურე შეერთებული შტატების მთავრობის მოხელეების უშიშროებას მეორე ამერიკული კომპანია “თრიპლ კანოპი” დაიცავს. პრეს-მდივნის თქმით “ბლექვატერი” ჯერ-ჯერობით აგრძელებს მუშაობას ერაყის სხვა რეგიონებში, მაგრამ ამ კონტრაქტების ვადაც მალე იწურება. ერაყში 2007 წელს მომხდარი სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც თოთხმეტი ერაყელი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, “ბლექვატერს” ერაყში მუშაობის უფლების მიმნიჭებელი ლიცენზია გაუუქმეს. “ბლექვატერი” ამტკიცებს, რომ კომპანიის მუშაკები მხოლოდ თავდასხმას გამოეპასუხნენ, თუმცა შეერთებული შტატების მიერ ჩატარებულმა ოფიციალურმა მგამოძიებამ ეს ჩვენება ვერ დაადასტურა.


XS
SM
MD
LG