მიმდინარე კვირას, უახლეს ისტორიაში ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის-1994 რუანდაში 800 00 ადამიანის გენოციდის 15 წლისთავი აღინიშნება.
ამ მოვლენასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-შიც გაიმართება. ამ დროს ადამიანები პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა ხსოვნას და იმ ავბედითი მოვლენების შესახებ კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან. რუანდაში მომხდარი გენოციდი ბევრ ამერიკელსა და ქვეყნის ლიდერს დღესაც კარგად ახსოვს.
ის ტრაგიკული ფაქტები დღეს ყველასთვის არის ცნობილი. 1994 წლის 6 აპრილს, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც რუანდის პრეზიდენტი და მისი კოლეგა ბურუნდიდან იმყოფებოდნენ, ხმელეთიდან გასროლილმა რაკეტამ ჩამოაგდო ქალაქ კიგალიში დაფრენამდე. თვითმფრინავის კატასტროფისას ორივე ქვეყნის პრეზიდენტი დაიღუპა. ინციდენტმა კი დასაბამი მისცა ეთნიკურ წმენდასა და შურისძიებას, როცა ჰუტუს ტომის წარმომადგენლებმა ტუტსის უმცირესობაზე მიიტანეს იერიში. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მშვიდობისმყოფელები მოკლეს, ისინი გავიდნენ რუანდიდან, ძალადობა და სისხლისღვრა კი 100 დღე გაგრძელდა.
როცა ტუტსის ტომებმა ჰუტუს წარმომადგენლები დაამარცხეს და მათ ქვეყნის დატოვება აიძულეს, მსხვერპლი უკვე 800 000-ს ითვლიდა.
განცდილი დანაკლისის მიუხედავად, რუანდელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მომხდარს ხელი არ შეეშალა მომავალი თაობებისთვის. მათი ძალისხმევა- პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარემოს გაჯანსაღებისათვის დღეს საყოველთაო სიმპატიას და მსოფლიოს მხარდაჭერას იმსახურებს. რუანდის ტრაგედიის გახსენებასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს არც ის, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ჩადენილი მსგავსი სისასტიკე ადამიანური ღირსებისა და ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.