ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზადება 9 აპრილისათვის


აპრილი ახლოვდება და საქართველოში დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები საკუთარ ქმედებებს ააქტიურებენ. ოპოზიცია ცდილობს საპროტესტო მუხტი ყველა რეგიონში გაავრცელოს, იხსნება ახალი შტაბები, უფრო და უფრო მატულობს პატარა საპროტესტო აქციების რიცხვი და მძაფრდება რიტორიკა. ხელისუფლება თავის მხრივ ცდილობს კავშირი დაამყაროს მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და დაარწმუნოს ისინი, რომ ნებისმიერი არეულობა მხოლოდ რუსეთის საკეთილდღეოდ იქმნება. მაგალითად ბოლო ორი დღეა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შეხვედრებს მართავს. გუშინ ის სპორტსმენებს შეხვდა, დღეს კი ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. გუშინდელ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა რომ ქვეყანაში არსებობს ”კამიკაძე მენტალიტეტის მატარებელი ოპოზიცია”, რომელსაც შეუძლია ”თავი აიფეთქოს” არსებული სისტემისა თუ პრეზიდენტის დასამარცხებლად და ამას ქვეყანა გადააყოლოს. ”არის ჯგუფი პოლიტიკოსების, რომელიც თვლის, რომ მას დასაკარგი არაფერი არ აქვს,”- განაცხადა მან, ”ასეთი კამიკაძე-ოპოზიცია ნებისმიერი ქვეყნისთვის არის ცუდი და საშიში”. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი გამოსვლიდან.

დავით ბაქრაძე - ბაქრაძის თქმით, ქვეყნის შიგნით სიტუაციის არევა შედის ”კონკრეტული ძალების ინტერესებში ჩვენი ქვეყნის გარეთ”. მან მოუწოდა აპრილში დაგეგმილი აქციების წინ ყველა ”პოლიტიკოსს” კარგად გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა, რომ ”ნებით ან უნებლიეთ ხელი არ შეუწყოს ამ არამეგობრული ძალების ინტერესების განხორციელებას”. ”არიან ადამიანები, რომელსაც არ ვუყვარვართ. ამ ადამიანების ნაწილი შეიძლება გამოვიდეს ქუჩაში და მოითხოვოს ან ხელისუფლების შეცვლა ან პრობლემების მოგვარება - და ეს არის ჩვენთვის სიგნალი, რომ რაღაცეები უნდა შეიცვალოს ქვეყანაში,”- აღნიშნა მან. ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრაზე საუბრისას ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია არა სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება, არამედ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დიალოგის რეჟიმში გადასვლა. მისი თქმით, უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის იმგვარად რეფორმირება, რომ ყველას - ”რადიკალს- არარადიკალს, ზომიერს- არაზომიერს” - ჰქონდეს თავისი ადგილი ამ სისტემაში. ”თუ ჩვენი პოლიტიკოსების ბრძოლას ჩვენ გადავაყოლეთ ქვეყანა, მაშინ ასეთი პოლიტიკოსის ფასი კაპიკი კი არ არის, დასაჭერია უბრალოდ ასეთი პოლიტიკოსი,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ”ჩვენ ერთმანეთს უნდა ვებრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და არა იმისათვის, რომ ჩვენ ბრძოლას ქვეყანა გადავაყოლოთ და ქვეყანა დავანგრიოთ პოლიტიკური ბრძოლის შედეგად”.

”ოპოზიციის უფლებები ძალიან მკვეთრად გავზარდეთ პარლამენტში,”- განაცხადა მან, ”ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ ჩვენ დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიცია მოგვწონს ან გვიყვარს ან რაღაც შეთანხმებულები ვართ. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი უფლება ექნება ოპოზიციას, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ექნება”.

რამდენიმე დღეა სწორედ საპარლამენტო ოპოზიციაში არსებულ სავარაუდო უთანხმოებაზე გავრცელდა ხმები, რომ გიორგი ცაგარეიშვილსა და გია თორთლაძეს შორის გაჩნდა უთანხმოება 9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით. რამდენიმე ხნის წინ თორთლაძემ განაცხადა, რომ მანიფესტაციები რომელსაც რუსეთი აფინანსებს მისთვის მიუღებელია და მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ნინო ბურჯანაძის მეშვებოით ხდება ამ მოსალოდნელი აქციების დაფინანსება. მსგავს განცხადებას არ აკეთებს, მისი კოლეგა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი.

გიორგი ცაგარეიშვილი – ქართველმა ხალხმა შარშან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას შეუძლია პროტესტის მშვიდობიანი ფორმებით. ის რაც ხდება საქართველოში ეს არის ქართული ხელისუფლების ბრალი. ამიტომ, სოწრედ საქართველოს მოსახლეობ, ხალხი იტყვის როდის რა უნდა მოხდეს, იქნება ეს 9 აპრილს თუ 10 სექტემბერს.

ამავე დროს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 მარტს მთავრობის სხდომაზე პირდაპირ ეთერში საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეკონომიკური სირთულეებისა და უმუშევრობის დაძლევა ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტია. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა უნდა იყოს კონსოლიდირებული და არ უნდა ”მოდუნდეს”, რათა მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები.


XS
SM
MD
LG