ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილმა სენატორებმა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობისებისკენ მოუწოდეს


ყოფილი ამერიკელი სენატორებისგან შექმნილმა ორპარტიულმა კომისიამ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობისებისკენ მოუწოდა. კომისიის წევრთა აზრით გართულებული ურთიერთობები ერთობლივი ძალისხმევით უნდა გამოსწორდეს, რადგან რუსეთსა და ამერიკას ბევრი საერთო პრობლემები გააჩნიათ ირანიდან მომავალი ბირთვული საფრთხის ჩათვლით.

აღნიშნული კომისია ვაშინგტონის ნიქსონის ცენტრის და ჰარვარდის უნივერსიტეტის თაოსნობით ჩამოყალიბდა რომელსაც ყოფილი სენატორები გარი ჰარტი და ჩაკ ჰაგელი ხელმძღვანელობენ.

ისინი გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდნენ მოსკოვში და ძალზე კმაყოფილნი დარჩნენ ამ შეხვედრის შედეგებით. თუმცა დემოკრატი გარი ჰარტი აცხადებს,რომ მოსკოვის ქუჩებში და რუსეთის დუმის დეპუტატებთან შეხვედრისას გარკვეული სიცივე და გაუცხოება იგრძნობოდა. მისი თქმით:“ ანტი-ამერიკული განწყობები ახლა უფრო თვალშისაცემი იყო ვიდრე ცივი ომის დროს, რაც ძალზე შემაშფოთებელია.“

კომისიის დასკვნით მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაზარალდა რუსეთ საქართველოს შარშანდელი ომის და აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის დამონტაჟების განზრახვის შემდეგ.

გარი ჰარტი მიიჩნევს რომ საზოგადოებრივი აზრი რუსეთში ამერიკის სასარგებლოდ შეიცვლება ბარაქ ობამასა და დიმიტრი მედევდევის შორის დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ რომელიც ლონდონის ეკონომიკურ ფორუმზე გაიმართება აპრილის დასაწყისში.

ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი ჩაკ ჰაგელი მიიჩნევს რომ შეერთებული შტატების ინტერესებშია რუსეთთან თანამშრომლობა ირანიდან მომავალი ბირთვული საფრთხის გამო. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ობამამ ახლახანს განაცხადა რომ, თუ შემცირდა ირანის მიერ ატომური იარაღის დაუფლების საფრთხე აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განთავსების აუცილებლობაც მოიხსნება. აღნიშნული კომისიის ავტორთა დასკვნით მოსკოვთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებით ვაშინგტონი ირანსა და ავღანეთში საკუთარი პრობლემების მოგვარებას შესძლებს.


XS
SM
MD
LG