ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო წითელი ჯვარი ციხეებში წამების მეთოდის შესახებ საუბრობს


საერთაშორისო წითელი ჯვარი შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ ციხეებში წამების მეთოდის შესახებ საუბრობს. გაზეთ ვაშინგტონ პოსტის დღევანდელ გამოშვებაში განთავსებულ სტატიაში ნათქვამია, რომ წითელი ჯვრის მიერ მოპოვებული მასალის თანახმად, ამერიკელები ამ საპყრობილეებში გამომწყვდეული ტერორისტობაში ეჭვმიტანილი პატიმრების წინააღმდეგ არაჰუმანურ და დამამცირებელ მეთოდებს იყენებდნენ. წითელი ჯვრის გარდა ამერიკელთა ასეთი ქმედებისთვის “წამება” ჯერ არავის უწოდებია. წითელი ჯვრის ანგარიში 2006 წელს გუანტანამოს საპყრობილეში გადაყვანილი თოთხმეტი პატიმრის ჩვენებებს ეყრდნობა. ვაშინგტონ პოსტის წერილში აღნიშნულია, რომ ტუსაღებს სცემდნენ, ექსტრემალურ ტემპერატურაში ამყოფებდნენ. ძილის საშუალებას არ აძლევდნენ და ზოგჯერ წყალში დახრჩობის სიმულაციასაც კი იყენებდნენ მათ წინააღმდეგ. აქ ნათქვამია, რომ დაზვერვის ცენტრალური სააგენტო ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს თავს არიდებს. ბევრი თვლის, რომ ანგარიშის მხოლოდ ტერორისტების ჩვენებებზე დაყრდნობა მას არასანდოს ხდის.

XS
SM
MD
LG