ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის ოპოზიციური პარტიები   მასობრივ გამოსვლებს  გეგმავენ


ამ თვის ბოლოს ყირგიზეთის ოპოზიციური პარტიები მასობრივ გამოსვლებს გეგმავენ.მათ ეს გადაწყვეტილება მას მერე მიიღეს,რაც ყირგიზეთის მთავრობამ ოპოზიციის ლიდერი მკვლელობაში დაადანაშაულა. ოპოზიციური პარტიის ლიდერთა განცხადებით, 13 მარტს ოპოზიციასა და მთავრობას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები გადაიდება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ,რომ ოპოზიციური მოძრაობა 27 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო დემონსტრაციებს გამართავს. საპროტესტო გამოსვლების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების გატარება იქნება. შეგახსენებთ,რომ ახლახანს ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერს ალიკბეკ ჯეშენკულოვს რამოდენიმე დანაშაულში დასდო ბრალი. ერთერთი დანაშაული თურქეთის მოქალაქის მკვლელობა გახლავთ. ყირგიზეთის პოლიციის განმარტებით, ბალისტიკური ტესტის შედეგად დადასტურდა,რომ თურქი მოქალაქე სერვეთ კეტინი ალიკბეკ ჯეშენკულოვის იარაღით იქნა მოკლული. თუმცა ოპოზიციის ლიდერი ბრალდებას მკაცრად უარყოფს და მთავრობის მოწინააღმდეგები კი აცხადებენ,რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით მიიღო . ოპოზიციის ლიდერთა განმარტებით, ამით პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მთავრობა ცდილობს, ქვეყანაში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისას პოტენციური ოპონენტები გზიდან ჩამოიშოროს.


XS
SM
MD
LG