ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ახლო აღმოსავლეთში მოლაპარაკებებს მართავს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პირველად ჩავიდა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიაზე და გააკრიტიკა ისრაელის ხელისუფლება, რომელიც აღმოსავლეთ იერუსალიმში არაბული დასახლებების დანგრევას აპირებს.

ჰილარი კლინტონმა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი, თუმცა პალესტინელებს აინტერესებთ კონკრეტულად რისი გაკეთება შუძლია ბარაქ ობამას ახალ ადმინისტრაციას.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ესკორტს ქალაქ რამალაში პალესტინის პოლიციის ჯიპები აცილებდნენ გაძლიერებული დაცვის თანხლებით.

ამ ქალაქში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა და ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების აუცილებლობა. ქალბატონი კლინტონის განცხადებით პალესტინელი ხალხი იმსახურებს იმავე უფლებებს, რითიც სხვა დამოუკიდებელი ქვეყნების მოსახლეობა სარგებლობს. მისი თქმით:" შეერთებული შტატები იმგვარი პირობების შექმნას დაუჭერს მხარს, რომელიც პალესტინელ ხალხს სრული რეალიზაციის საშუალებას მისცემს. უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი სახელმწიფო, რომელიც ისრაელთან და მის არაბ მეზობლებთან მშვიდობიან თანაარსებობას შეძლებს და პასუხისმგებელი პარტნიორი იქნება ნებისმიერ საკითხში. პალესტინის დღევანდელ ხელისუფლებას სწორედ ამგვარი სახელმწიფოს აშენება სურს."

მიუხედავად ამ განცხადებისა რამალას მაცხოვრებლები ეჭვის თვალით უყურებენ შეერთებული შტატების ძალისხმევას პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. მაჯდ ატა ელ ობრა ბედუინია, რომელსაც აინტერესებს თუ მართლა რისი გაკეთება შუძლია ობამას ადმინისტრაციას. მისი თქმით:" ქალბატონი კლინტონი ძალიან ლამაზად ლაპარაკობს და მართლაც მოვიდა დრო ბოლო მოეღოს ისრაელის ოკუპაციას და სუვერენული პალესტინური სახელმწიფო ჩამოყალიბდეს, მაგრამ დიდი სურვილის მიუხედავად ჰილარი კლინტონი ალბათ ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს."

ბუშის ადმინისტრაცია ისრაელის ექსპანსიას, რომელიც აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს პალესტინურ მიწებზე ებრაული დასახლებების შექმნას ითვალისწინებდა უპერსპექტივო წამოწყებად მიიჩნევდა. ჰილარი კლინტონიც ამას იმეორებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია აღმოსავლეთ იერუსალიმში არაბული დასახლებების დანგრევის განზრახვა. ჰილარი კლინტონი ამასთან დაკავშირებით იერუსალიმის მერსაც ესაუბრა.

მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას ჰილარი კლინტონმა მას პრეზიდენტ ობამას წერილი გადასცა, რომელშიც ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ ადასტურებს პალესტინის ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის მხრადაჭერას. ამ გეგმის მიხედვით არაბული სახელმწიფოები ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციას მხოლოდ მას შემდეგ მოახდენენ, როდესაც ეს ქვეყანა გაიყვანს თავის ჯარებს 1967 წელს ოკუპირებული არაბული ტერიტორიებიდან.
XS
SM
MD
LG