ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული სამხედრო კონტინგენტი ერაყს 2010 წლის აგვისტოსთვის დატოვებს


ერაყის ომის დაწყებიდან თითქმის ექვსი წელი გავიდა. პრეზიდენტი ობამა ერაყიდან ჯარის გამოყვანის ვადას ასახელებს:


“მე ნათლად გიცხადებთ, რომ 2010 წლის 31 აგვისტოს ერაყის მისია დასრულდება”. განაცხადა ჩრდილო კაროლინას შტატში მდებარე სამხედრო ბაზაში მყოფმა პრეზიდენტმა. ერაყში ათასობით საზღვაო ქვეითი მსახურობს. გამოყვანა წელიწადნახევრის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. არჩევნების მიმდინარეობისას კი ობამა აცხადებდა, რომ ეს პროცესი წელიწადსა და ოთხ თვეში დასრულდებოდა. ერაყიდან იქ დისლოცირებული ას ორმოცდაორი ათასი სამხედორს ორ მესამედს გამოიყვანენ.


ერაყში დარჩენილი ამერიკელები კი ქვეყნის უშიშროების ძალებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ:


“მებრძოლების გამოყვანის შემდეგ, ჩვენი მისია სახეს შეიცვლის და ამერიკელი ჯარისკაცები ბრძოლებში პირდაპირი ჩარევის მაგივრად, ერაყის მთავრობასა უშიშროების ძალებს გაუწევენ დახმარებას”. განაცხადა პრეზიდენტმა.


ერაყში დარჩენილი ამერიკელი სამხედროები ამერიკასა და ერაყს შორის მიღწეული ხელშეკრულების თანახმად ქვეყანას 2011 წელს დატოვებენ: ჯარის გამოყვანის პროცესის გახანგრძლივება პრეზიდენტს ერაყში მომავალი დეკემბერის არჩევნების ჩატარებამდე სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობამ უკარნახა:

“არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერაყში არსებული ყოველგვარი დაპირისპირება და წინააღმდეგობა გამძაფრდება”. განუცხადა ჩვენს ჟურნალისტს ბრუკინგსის ინსტიტუტის პოლიტოლოგმა მაიკლ ო ჰანლონმა.

შარშანდელი საარჩევნო სრბოლისას, რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი სენატორი ჯონ მაკკეინი მკვეთრად აკრიტიკებდა სენატორ ობამას შეხედულებებს ერაყთან მიმართებაში. თუმცა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მაკკეინის შეხედულება შეიცვალა:

“მე გეგმისადმი ძალზე ოპტიმისტურად განვეწყე და ახლა ვთვლი, რომ პრეზიდენტისეულმა გეგმამ წარმატებისკენ შეიძლება მიგვიყვანოს”. განაცხადა პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შემდეგ მაკკეინმა. პრეზიდენტ ობამას ერაყიდან გამოსვლის ზემოთქმული გეგმა თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა და ამერიკის არმიის სარდლობამ შეუმზადა.



XS
SM
MD
LG