ყირგიზეთის მთავრობის განცხადებით, ამერიკული სამხედრო ბაზის დაკეტვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა.
ყირგიზეთის მთავრობის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ ვაშინგტონს იმედს გაუცრუებს, რამეთუ ამერიკის ხელისუფლებას შუა აზიაში ერთადერთი ამერიკული სამხედრო ბაზის შენარჩუნების იმედი ჰქონდა.
ყირგიზეთში მანას სამხედრო ბაზას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ამერიკისა და ნატოს ჯარების ოპერაციებისთვის ავღანეთში. ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა ბაზის დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება სამშაბათს მოსკოვში გამოაცხადა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ორი მილიარდი დოლარის სესხი და დახმარება გამოუყო ბიშკეკს.
ამ ფონზე, ამერიკის ელჩმა ტაჯიკეთში განაცხადა, რომ ტაჯიკეთის მთავრობა მზად არის ქვეყნის ტერიტორია არასამხედრო ტვირთისთვის გამოყოს ავღანეთში გადასატანად.
დიპლომატიურ და თავდაცვის წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკა უზბეკეთთან სამხედრო გარიგებას გეგმავს, რომელიც ალტარნატიულ მარშრუტს შეიმუშავებს ნატოს ძალებისთვის, რომლებიც ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ იბრძვიან.