ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ობამამ ყოფილ სენატორ მიჩელს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარება დაავალა.


აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად ყოფილი სენატორი ჯორჯ მიჩელი აირჩია, ავღანეთსა და პაკისტანში კი რიჩარდ ჰოლბრუკი მიავლინა.

აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი ქლინტონმა განაცხადა, რომ ამ ორ რეგიონში აქტიური დიპლომატიური ძალისხმევაა ჩასატარებელი.

მისი განცხადებით, მიჩელი დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

“იგი ჩვენს ძალისხმევას გაუძღვება ისრაელს, პალესტინელებსა და მათ მეზობელ სახელმწიფოებს შორის მშვიდობის მისაღწევად. იგი დაგვეხმარება ინტეგრირებული სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც ისრაელის უსაფრთხოებას დაიცავს, პალესტინელებთან კონფლიქტს დაასრულებს და ორი სახელმწიფოს მშვიდობიან თანაცხოვრებას შეწყობს ხელს. ამ სტრატეგიის თანახმად ასევე მოხდება სხვა ხელშეკრულებების გაფორმებაც, რომლებიც მშვიდობასა და უსართხოებას უზრუნველყოფს.”

სენატორმა მიჩელმა განაცხადა, რომ სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ძალიან არასტაბილური, რთული და სახიფათოა, მაგრამ ამერიკის მთავრობის ძალისხმევამ და ლიდერობამ რეგიონში კონფლიქტების მოგვარება უნდა უზრუნველყოს.

“ეს სერიოზული, დაჟინებული ძალისხმევა უნდა იყოს. ამერიკამ მოთმინება უნდა გამოიჩინოს. ამ პროცესს, ჩვენი მთავრობის უმაღლეს დონეზე, პოლიტიკური კაპიტალი, ეკონომიკური რესურსები და დიდი ყურადღება სჭირდება.” განაცხადა მიჩელმა.

სახელმწიფო მდივანმა ჰილარი ქლინტონმა განაცხადა, რომ სიტუაცია ავღანეთში ანალოგიურად ინტეგრირებული სტრატეგიის გატარებას მოითხოვს, სადაც ავღანეთი და პაკისტანი პროცესში თანაბრად იქნებიან ჩართული, ისევე როგორც ნატოსა და სხვა მეგობრების, მოკავშირეების და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობა გათვალისწინებული უნდა იყოს.

ელჩმა ჰოლბრუკმა შენიშნა, რომ ავღანეთს რთული ბრძოლის გადალახვა მოუწევს და რომ ავღნეთსა და პაკისტანში განსხვავებული ისტორიული გამოცდილების მიუხედავად ისინი გეოგრაფიულად, ეთნიკურად, ისევე როგორ მიმდინარე პროცესებში დაკავშირებულები არიან ერთმანეთთან.

“ავღანეთსა და პაკისტანში შექმნილი სიტუაციის დასაბალანსებლად ჩვენ ერთი ელჩის გაგზავნა გადავწყვიტეთ რეგიონში, ამით კი ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას რომ პაკისტანს ისტორია აქვს, საკუთარი ტრადიციები და იქ შექმნილი მდგომარეობა უფრო არასტაბილურია ვიდრე მისი დასავლელი მეზობელი.” თქვა რიჩარდ ჰოლბრუკმა.

აშშ სახელმწიფო მდივნმა ჰილარი ქლინტონმა ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას განუცხადა, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი მის წინაშე მდგარ გამოწვევას იღებს.

“ჩვენ მაქსიმუმის გაკეთება გვინდა თქვენი მიზნების მისაღწევად. თქვენს საინაუგურაციო გამოსვლაში მაღალი სტანდარტები დასახეთ თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი მუშაობა.” აღნიშნა ჰილარი ქლინტონმა.

XS
SM
MD
LG