ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიან ანდერსონი-  ცნობილი ამერიკელი საოპერო მომღერალი



მარიან ანდერსონი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ფილადელფიაში დაიბადა.თავდაპირველად ეკლესიაში მღეროდა. ლამაზხმიანი მარიანი თავის ქალაქში ძალზე მალე გახდა პოპულარული.მარიანს ოპერა თავდავიწყებით უყვარდა.იმ პერიოდის ამერიკაში ოპერის სცენაზე შავკანიან მომღელებს სიმღერის უფლება არ ჰქონდათ. ამიტომაც მარიან ანდერსონი იძულებული შეიქნა ჩვეულებრივ საკონცერტებზე გამოსვლებზე ემღერა.საუბედუროდ მისი პირველი გამოსვლა ნიუ-იორკში წარუმატებელი აღმოჩნდა. მარიანს საშინლად გაუტყდა გული და კარგა ხანი პუბლიკის წინაშე გამოსვლაზე უარს აცხადებდა.მაგრამ როცა დედამისი მძიმე სენით დასნეულდა და ოჯახზე ზრუნვა მას დაევალა , სხვა გზა აღარ დარჩა, რადგან ერთადერთი ,რისი კეთებაც შეეძლო -სიმღერა იყო .

1920 წელს მარიან ანდერსონმა ორ მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა. სულ მალე ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. მარიან ანდერსონმა სულ მალე კონტრაქტი გააფორმა,რომლის თანახმადაც ამერიკის დიდ ქალაქებში დაიწყო კონცერტებით მოგზაურობა. თავიდან მარიან ანდერსონის კონცერტებს მხოლოდ შავკანიანი მაყურებელი ესწრებოდა. თავად მომღერალსაც შავკანიანებისათვის განკუთვნილ სასტუმროებში უწევდა ღამის გათევა. მიუხედავად ამისა მარიანი ყველანაირად ცდილობდა რასობრივი სხვაობის გამო მის გულში სიძულვილს არ დაესადგურა. თუმცა ისიც კარგად იცოდა,რომ სრული წარმატებას მაშინ მოიპოვებდა, როდესაც ყველა სახის მაყურებლის წინ იმღერებდა.

ათას ცხრაას ოცდაათ წელს მარიან ანდერსონი ლონდონის მუსიკალურ სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად ევროპაში გაემგზავრა.მისი აზრით ევროპა იყო ადგილი,საიდანაც მისი საყოველთაო აღიარება დაიწყებოდა. დიდი ხნის მერე, მარიანი ლონდონში ჩასვლის პირველ შთაბეჭდილებას ასე იხსენებდა: „ აშკარად განსხვავებულად მიმიღეს ევროპაში,სასტუმროს პერსონალიც კი სხვაგვარად მეპყრობოდა.ჩვეულებრივ ადამიანად აღმიქვამდნენ..."

მარიან ანდერსონმა მუსიკალური განათლება ლონდონსა და ბერლინში მიიღო. შემდეგ კი საკონცერტო ტურებით ევროპაში მოგზაურობა დაიწყო.თავდაპირველად სოლო კონცერტებს მართავდა,ცოტა ხანში კი საკონცერტო ტურით შვედეთში მიიწვიეს. მარიანს კონცერტებზე ფორტეპიანოზე აკომპანიმენტს ცნობილი პიანისტი კოსტი ვეჰანენი უწევდა.მისი თქმით,მარიანს ისეთი ძლიერი, დაბალი და ტრაგიზმით აღსავსე ხმა ხმა ჰქონდა,რომ შეგრძნება გეუფლებოდა თითქოს ზებუნებრივი ხმა მიწისქვემოდან ამოდიოდა.მარიან ანდერსონმა შვედეთში დიდი წარმატება მოიპოვა.შვედი მაყურებელი მისი ხმითა და საშემსრულებლო ოსტატობით აღტაცებაში მოვიდა.მაყურებელს განსაკუთრებით მის მიერ შესრულებული დრამატული სიმღერები მოსწონდა. ზოგიერთი მსმენელისათვის ამერიკეული მუსიკის ეს სტილი მანამდე უცნობი იყო.ასე იმოგზაურა მარიან ანდერსონმა ევროპის მასშტაბით . ცნობილმა იტალიელმა დირიჟორმა არტურო ტოსკანინიმ მარიანის კონცერტის ავსტრიაში მოსმენის შემდეგ აღნიშნა: "მას ისეთი ხმა აქვს, რაც შეიძლება ას წელიწადში ერთხელ აღმოაჩნდეს ადამიანსო". ტოსკანინის ეს გამონათქვამი ხალხში ძალიან მალე გავრცელდა.

ასრულდა მარიანის ოცნება და აღიარებული საოპერო მომღერალი გახდა. ორმოციანი წლებისათვის მარიან ანდერსონი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა.ამ დროისათვის იგი უკვე მსოფლიო ვარსკვლავი იყო.მარიანს მთელი ცხოვრება რასობრივი სხვაობის განცდა მუდმივ ტვირთად აწვა მხრებზე. ამიტომაც ერთხელ მისისიპის შტატში საკონცერტო ტურნეს დროს გადაწყვიტა , სიმღერის საშუალებით ეს ბარიერი პირობითად მაინც მოესპო.უზარმაზარ დარბაზში, სადაც სხვადასხვა ფერის კანის მაყურებელი შეკრებილიყო და ცდილობდა მომღერლისთვის ხმა შეეწყო,მარიანმა პუბლიკას სთხოვა ერთმანეთის გვერდიგვერდ დამდგარიყვნენ და ისე ემღერათ. დარბაზმა მომღერლის თხოვნა უსიტყვოდ შეასრულა.მეორე დღეს გაზეთები წერდნენ, ხშირად ადამიანური სულიერება რასობრივ სხვაობაზე მაღლა დგასო.

მსგავსი შემთხვევა მარიან ანდერსონს 1939 წელსაც შეემთხვა. ვაშინგტონში კონსტიტუციის დარბაზის მეპატრონეებმა ანდერსონს კონცერტის გამართვაზე იმ მოსაზრებით უთხრეს უარი,რომ მომღერალი შავკანიანი იყო. ეს შემთხვევა მაშინ უამრავმა ადამიანმა გააპროტესტა. პროტესტს მაშინდელი პრეზიდენტის მეუღლე ელეონორა რუზველტი ჩაუდგა სათავეში და მისი დახმარებით ვაშინგტონის ცენტრში ლინკოლნის მემორიალთან 75ათას შეკრებილ ადამიანს მარიან ანდერსონმა ღია ცის ქვეშ უმღერა. ამ ისტორიულ დღეს მარიან ანდერსონი ასე იხსენებდა: „იმდენი ხალხი მოგროვდა,რომ თვალს ვერ ვუწვდენდი.მათგან უზარმაზრ მუხტს ვგრძნობდი ,გული გამალებით მიცემდა,მეშინოდა,რომ ვერ ვიმღეროთქო"

მარიან ანდერსონმა იმ დღეს არაჩვეულებრივი ოსტატობით იმღერა.მას სიმღერაში სამოცდათხუტმეტი ათასი ადამიანი აჰყვა , მათ შორის იყვნენ, როგორც შავკანიანი ასევე თეთრკანიანებიც . ყველა ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ სიმღერას მღეროდა.

1955 წელს მარიან ანდერსონმა,როგორც პირველმა შავკანიანმა მომღერალმა მეტროპოლიტენის თეატრის სცენაზე იმღერა.ამ დღის მერე შავკანიანმა მომღერლებმა მეტროპოლიტენის თეატრის სცენაზე გამოსვლა დაიწყეს.

მარიან ანდერსონს ცხოვრების მანძილზე უამრავი ჯილდო მიენიჭა. საოპერო მომღერლის დაფასებასთან ერთად, მას პრეზიდენტისგან თავისუფლების მედალი და გაეროში კეთილი ნების ელჩის წოდებაც მიაკუთვნეს.

1993 წელს მარიამ ანდერსონი 96წლის ასაკში გარდაიცვალა.იგი ამერიკის ისტორიაში არა მარტო როგორც უნიკალური ხმის მქონე შემსრულებელი დარჩა,არამედ მომღერალი,რომელიც იბრძოდა იმ უფლებისათვის, რომ მისთვის ესმინათ.

XS
SM
MD
LG