ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა  ბარაკ ობამამ  სამართლიანი  ანაზღაურების კანონს მოაწერა ხელი



ხუთშაბათს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამართლიანი ანაზღაურების კანონს მოაწერა ხელი.კანონის თანახმად იმ მოსამსახურეებს ,რომლებიც დამქირავებელს არასამართლიან ანაზღაურებაში სდებენ ბრალს, სასამართლოში სარჩელის შეტანა გაუიოლდებათ. სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და ამერიკის პირველი ლედი მიშელ ობამა ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ. სამართლიანი ანაზღაურების კანონს დასაბამი ამერიკის სამხრეთ ალაბამას შტატში მცხოვრები 70 წლის ქალბატონის საჩივარმა დაუდო. ეს ქალბატონი ლილი ლედბეთერი გახლავთ. იგი წლების მანძილზე საბურავების ქარხანაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა და მხოლოდ 20 წლის თავზე შეიტყო, რომ რატომღაც მამაკაც კოლეგებზე ნაკლებ ხელფასს უხდიდნენ.

„ძალზე უსამართლოდ მომექცნენ, ერთნაირ სამსახურში განსხვავებულ ანაზღაურებას გვიხდიდნენ"

ციტატის დასასრული

ლილი ლედბეთერმა დამქირავებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა,თუმცა უზენაესმა სასამართლომ იგი არ დააკმაყოფილა.პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლილი ლედბეთერის ამ შემთხვევასთან დაკავშირებით აღნიშნა:

„მან მთელი ცხოვრების მანძილზე 200 ათასი დოლარის ოდენობის თანხა დაკარგა,ამდენივე თანხა მის საპენსიო ფონდსა და სოციალურ დახმარებასაც მოაკლდა. სამწუხაროდ,ამ დანაკარგებს ეს ქალბატონი დღემდე იმკის."

ციტატის დასასრული

პრეზიდენტი ობამას მიერ ხუთშაბათს ხელმოწერილი სამართლიანი ანაზღაურების კანონის თანახმად, ყველა ამერიკელ მოსამსახურეს უფლება ენიჭება ნებისმიერი დისკრიმინაციის შემთხვევაში ექვსი თვის მანძილზე სასამართლოში საჩივარი შეიტანოს. ანალიტიკოსების ვარაუდით, ამ ახალი კანონის მიღებით ამერიკელი მოსამსახურეები ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას ინფორმირებული შეხვდებიან.

უკანასკნელმა დემოგრაფიულმა გამოთვლებმა აჩვენეს,რომ ამერიკელ ქალს 78 ცენტის ანაზღაურებას უხდიან იმ სამუშაოში ,რაშიც ამერიკელი მამაკაცი ერთი დოლარის გასამრჯელოს იღებს.გენდერული თვალსაზრისით ასეთივე შეუსაბამობაა მომსახურეობის სფეროში , სავაჭრო ცენტრებისა და რესტორნების მოსამსახურეების ხელფასებს შორის. ექთნებს, პედაგოგებსა და სახელმწიფო სფეროში მომუშავე ამერიკელებს ანაზღაურებისას გენდერული თვალსაზრისით ნაკლებად განასხვავებენ.

რაც შეეხება ლილი ლედბეთერს,იგი ახალი კანონის საფუძველზე დაკარგულ თანხებს ვეღარ დაიბრუნებს,მაგრამ სამართლიანი ანაზღაურების კანონი მსგავსი პრობლემებისაგან მომავალ თაობებს დაიცავს.

მომავალში თქვენს ქალიშვილებსა და შვილიშვილებს უფრო დაცული პირობები შეექმნებათ. ამისთვის ნამდვილად ღირდა ბრძოლა."

ციტატის დასასრული

ლილი ლედბეთერი აცხადებს,რომ იგი სამართლიანი ანაზღაურების კანონის მიღებით არ დაკმაყოფილდება. სამხრეთელი ქალბატონი კვლავაც აპირებს გააგრძელოს ბრძოლა გენდერული თანასწორობისათვის.


XS
SM
MD
LG