ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს კონტინგენტი ფართოვდება


ავღანეთის ლოგარისა და ვარდაკის მხარეებში დამატებით კიდევ სამი ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო განათავსეს. ამერიკელები უშიშროების ფონის გაუმჯობესებას და მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების ტემპების აჩქარებას შეუწყობენ ხელს, რაც თავის მხრივ ავღანელ ხალხს მართვას გაუადვილებს. ამჟამად ავღანეთში ნატოს დაქვემდებარებაში მყოფი ორმოცდაათი ათასი სამხედროა დისლოცირებული. ზემოთქმულ ორ პროვინციაში უშიშროების ფონის გაუმჯობესებით, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება და გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა ბევრად გაადვილდება. ლოგარისა და ვარდაკის პროვინციებს ქვეყნის უმთავრესი მაგისტრალები კვეთს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ მხარეებში გახშირდა მეამბოხეთა და კრიმინალთა თარეში. ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაფართოება იმის მაჩვენებელია, თუ რარიგ ცდილობს შეერთებული შტატები ავღანეთის მთავრობისთვის ხელის შეწყობას და ნატოს მოკავშირეებთან თანამშრომლობას. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ალ-ყაიდასა და თალიბების წინააღმდეგ საბრძოლველად მეტი რესურსების გამოსაყოფად მზადაა. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი კი ამბობს, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულის მიწურულისთვის ავღანეთში დამატებით კიდევ ალბათ ორზე მეტი ბრიგადა გაიგზავნება., ხოლო ზაფხულში კი მათ მესამე ბრიგადაც დაემატება. ამჟამად ავღანეთში კოალიციის სამოც ათასზე მეტი ჯარისკაცი იმყოფება. ამ კონტინგენტის ნახევარზე მეტს ამერიკელები შეადგენენ. ანუ ახლა თალიბების მთავრობის გადაყენების შემდეგ ავღანეთში ყველაზე მეტი უცხოელი სამხედროა დისლოცირებული. ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ავღანეთის მისია ნატოს წინაშე მდგომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუმცა ეს მისია ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო უშიშროებისთვის. ავღანეთში ნატოს მთავარ მიზანს ისეთი გარემოს შექმნა წარმოადგენს სადაც ათწლეულების განმავლობაში ომებსა და სიღარიბეში მობინადრე ავღანეთის მოსახლეობას დემოკრატიული მთავრობის არჩევის, მშვიდობიანად ცხოვრების და უშიშროების გარანტია მიეცემა.

ავღანეთი


XS
SM
MD
LG