ვიდრე ისრაელის თვითმფრინავები ღაზას სექტორში ჰამასის მებრძოლთა საცხოვრებელ სახლებსა და ეგვიპტის საზღვართან გამავალ გვირაბებს ბომბავენ, ისრაელის ქვეითი ჯარები ღაზას დასახლებულ ტერიტორიისკენ მიიწევენ. ისრაელის სამხედროების განცხადებით, კვირა ღამით ისრაელმა პალესტინის ტერიტორიის მიმართულებით თხუთმეტი საჰაერო შეტევა განახორციელა.
დღეს ახლო აღმოსავლეთში გაეროს, ევროკავშირის , შეერთებული შტატებისა და რუსეთის გაერთიანებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისათვის ყველა საფუძველია მზად. თუმცა პალესტინელეები სარაკეტო შეტევებს ისრაელის მიმართულებით კვლავ აგრძელებენ ,მიუხედავად იმისა,რომ ისრაელმა რეზერვისტთა დამატებითი ნაწილები გადასხა ღაზას სექტორში.
ღაზას სექტორში მომუშავე ექიმთა ინფორმაციით, ჩვიდმეტდღიანი დაპირისპირების შედეგად 895 პალესტინელია დაღუპული.დაღუპულთა შორის ნახევარზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობაა.ისრაელმა კატეგორიულად შეზღუდა ჟურნალისტთა ღაზას სექტორში შეშვება და განაცხადა,რომ დაღუპულთა ზუსტი ციფრი ჯერჯერობით დაუდგენელია,თუმცა პალესტინელთა მონაცემები შესაძლოა რეალურიც იყოს.