ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო: განახლებული საზოგადოებრივი მაუწყებელი


უკვე რამდენიმე დღეა ეთერში განახლებული სახით გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელმაც ძველი სახელწოდება – “პირველი არხი” დაიბრუნა. ეთერში არა მხოლოდ ძველი სახელწოდება დაბრუნდა. დღევანდელი მაუწყებლობა 5, 10 და 15 წლის წინანდელ რეალობაში გვაბრუნებს, როდესაც ითვლებოდა, რომ ტელევიზიის ერთადერთი ფუნქცია მაყურებლის წარმატებულად გართობაა. მაგრამ, საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონმდებლობაში სრულიად სხვა შინაარსი აქვს მითითებული. დღევანდელი ჩვენი რეპორტაჟის რესპოდენტია მედია მკვლევარი ნინო დანელია. რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ძირითადი მოთხოვნა და რამდენად ასრულებს ის თავის ფუნქციას?

ნინო დანელია საზოგადოებრივ მაუწყებელს სამი ძირითადი და ძალიან მარტივი მოთხოვნა აქვს. 1.მიაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია. 2. გაანათლო საზოგადოება და 3. გაართო საზოგადოება. სამწუხაროდ ახალი საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერც ერთ ამ ფუნქციას ვერ ასრულებს. გარდა იმისა, რომ ნაცვლად ყოველ საათობრივი საინფორმაციო გამოშვებისა, დღეში 3 გადაცემაზე გადავიდა, თავად ამ 3 გადაცემაშიც ძალიან მწირია ინფორმაციის მოწოდების ხარისხი.

- თუმცა, დღეს უკვე აქტიურდ მიდის საუბარი, რომ წარმოდგენილ გადაცემებს უკვე შთამბეჭდავი რეიტინგი აქვს. მაშინ, გამოდის ასე, რომ სწორედ ამ ტიპის გადაცემებია საზოგადოების დაკვეთა, თუკი ყურებადობის ხარისხი უკვე ასეთი მაღალია?

ნინო დანელიამოდით ჯერ რეიტინგზე ნუ ვილაპარაკებთ, რადგან ჯერ ახალი არხია და ყველას აქვს ინტერესი. რამდენი მაყურებელი დარჩება არხს, ეს ცოტა ხაში გამოჩნდება. ზოგადად კი საზოგადოებრივი მაუწყებელი რეიტინგზე ნაკლებად უნდა ფიქრობდეს და მისი მიზანი სწორედ ის უნდა იყოს, რომ არაპოპულარული თემები გააშუქოს, გაანთლოს მოსახლეობა და ა.შ. ეს არის მისი ძირითადი ფუნქცია, რეიტინგი მეორეხარისხოვანია.

- და ბოლოს, რა სხვაობაა უკანასკნელი 5 წლის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რამდენად ასრულებდა ის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნებს და რა სხვაობაა დღევანდელ პირველ არხთან.

ნინო დანელია – რასაკვირველია, ადრინდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი მეტად ასრულებდა მთავარ ფუნქციას - იყო ინფორმაცია საათში ერთხელ, იყო ინტელექტუალური გადაცემა “ღამის საუბრები”, იყო ყოველდღიური პოლიტიკური თოქშოუ და ა.შ.


XS
SM
MD
LG