დღევანდელ დღეს ისევ ყველაზე აქტუალურ თემად გუშინდელი ნატოს სამიტი და მისი შედეგი რჩება. საქართველო და უკრაინა ისევ MAP –ის გარეშეა, მაგრამ დაპირებები ისევ გრძელდება. ამ დაპირებებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია უკეთდება საქართველოში. ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლება, უფრო ფერმკრთალ ტონალობაში, ვიდრე ეს ბუქარესტის სამიტის შემდეგ იყო, მაგრამ მაინც ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ქართული დელეგაცია ხელცარიელი არ დაბრუნებულა სამიტიდან. სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე აღნიშნავს.
გიორგი ბარამიძე – ფაქტია, რომ ვერ მივირეთ MAP –I, რაც არის ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს დამოკიდებულების გამოხატულება რუსეთის მიმართ, მაგრამ რაც მივიღეთ, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რასაც ნატოში ინტეგრაცია ქვია. პრაქტიკულად 75 პორცენტი მიზნამდე მიღწეულია, ამ შემთხვევაში MAP-ის მიღებას ვგულისხმობ. მაგრამ, ის რაც მივიღეთ, შინაარსით არის იგივე რაც MAP- ი, სახელწოდების დარქმევის პრობლემა არის მხოლოდ.- ოდნავ განსხვავებულ შეფასებას უკთებს გუშინდელ დღეს სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.
ირაკლი სესიაშვილი – დასავლეთმა ბოლო წუთებში მიიღო გადაწყვეტილება თუ რა მოდელი შეეთავაზებინა საქართველოსთვის. საქართველომ კარგად იცოდა, რომ ახლა MAP-ს მიღება წარმოუდგენელი იყო და ეს იცოდნენ ნატოს წევრმა ქვეყნებმაც, ამიტომ გამოინახა შუალედი, რომელიც არც რუსეთს გააბრაზებდა და არც საქართველოს ეტყოდა უარს. ნატოს არ უნდა პირდაპირ გვითხრას, რომ ქართულმა ხელსუფლებამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა დემოკრატიზაციის პროცესში, რომ არაფერი ვთქვათ აგვისტოს მოვლენებზე და ამიტომ ნატო, გვპირდება რომ სწორედ დემოკრატიზაციის პროცესის განვითარებაში დაგვეხმარება.მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ თუკი საქართველოს მოსახელობის მთავარი მიზანი სწორედ დემოკრატიზაციის პროცესის განვითარებაა, ის რაც ნატომ განაცხადა არ არის უმნიშვნელო მიღწევა. ნატო ყურადღებით დააკვირდება საქართველოს რეფორმებს თავდაცვის და პოლიტიკურ სფეროებში და პირობა დადო, რომ ალიანსი მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ქვეყანას ამ პროცესში. საქართველოში რეფორმების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შემუშავდება ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელსაც ასევე ყოველწლიურად განიხილავენ ნატოს მოკავშირეები. ეს ის, კარგი გაგებით ცენზურაა, რომელსაც ნატოს კომისია საქართველოს მიმართ გაატარებს და რომელიც რეალურად საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას შეუწყობს ხელს.