ნინია კაკაბაძე - ახალგაზრდები (რესპოდენტი – თინეიჯერი, რომელმაც არ ისურვა სახელის დასახელება)
ახალგაზრდები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მათ განსხვავებული მიზნები, მსოფლაღქმა, პრობლემები და ინტერესები აქვთ. ისინი განსხვავებულ მუსიკას უსმენენ, სხვადასხვას კინოს უყურებენ და სხვადასხვა რამეზე ოცნებობენ. მაგრამ, თითქმის ყველა მოზარდს ერთი რამ აერთიანებს, მათ ბოლომდე არ ესმით და ხშირ შემთხვევაში უჭირთ უფროს თაობასთან საერთო ენის გამონახვა და აქედან გამომდინარე იზრდება უთანხმოებაც. ჩვენი დღევანდელი რეპორტაჟის სტუმარი არის, თინეიჯერი, რომელიც თავის თავს “ანდერგრაუნდს” მიაკუთვნებს და რომელმაც ჩვენთან საუბრისას არ ისურვა საკუთარი თავის იდენტიფიცირება. მაგალითად, რაში გამოიხატება პროტესტი რომელიც ჩვენს სტუმარს უჩნდება უფროსი თაობის მიმართ?
მოზარდი – სახლიდან რომ გამოვდივარ, ჩიხის გავლა მიწევს, სადაც სულ უფროსები სხედან და მუდმივად სვამენ და აკეთებენ იგივეს, რაც არ უნდათ რომ დაინახონ ახალგაზრდებში. ვერ ვხვდები, მაშინ რატომ არ მოწონთ, ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
რა სხვაობაა ერთი თაობის ადამიანებს შორის ან კი რა მსაგვსებაა, რასაც თავად მოზარდებიამჩნევენ?
მოზარდი – მინდა რომ ყველას განსხვავებული აზრი ქონდეს, ახალგაზრდებს კი ლექსიკაც ერთნაირი აქვთ, ყველა უბანში ყველა ერთ ენაზე ლაპარაკობს. ვისაც თავისი თავი ორიგინალური გონია, ისიც კი ბევრ თავისნაირს ნახავს.
აქვთ თუ არა მოზარდებს მომავალში საქართველოს ფარგლებს გარეთ, დიდი ხნით წასვლის სურვილი და თუკი ასეთი სურვილი აქვთ – რატომ? არ არის ამის მიზეზი? მოზარდი – კი, ძალიან მინდა ბერლინში წასვლა. იმიტომ რომ ბევრი მსმენია ბერლინის შესახებ და თან მინდა იმიტომ, რომ საქართველოში თავს დამოუკიდებლად ვერ ვგრძნობ. რამე რომ გამიჭირდეს, არავინ მომცემს საშუალებას, რომ მე თვითონ ვიპოვნო გამოსავალი, ყველა ჩემს მაგივრად მიიღებს გადაწყვეტილებას. იქ კი თვითრეალიზაციის საშუალება მეტად მექნება.რა აინტერესებთ ყველაზე მეტად დღეს ახალგაზრდებს, რა არის ის მთავარი რაც მათ ყველას აერთიანებს?
მოზარდი – ბიჭებს გოგოები, გოგოებს ბიჭები, ორივეს სექსი, გართობა და ა.შ. ჩემს გარშემო არის ბევრი ადამინი, რომელსაც შტამპირებული მომავალი აქვს თავის თავისთვის განსაზღვრული - სწავლა, მუშაობა, ოჯახი და ა.შ.ჩვენი რესპოდენტი მზად არის უპასუხის კითხვასაც, თუ რა არის მთავარი პრობლემა, რაც არა მხოლოდ ერთი თაობის ადამიანებს, არამედ მთლიანად ქართულ საზოგადოებას, ან ქართველ ადამიანს ახასიათებს?
მოზარდი – ქართველებს ყველაფერი იმიტომ გვბეზრდება მალე, რომ ზედაპირული ცოდნა გვაქვს ყველაფრის და ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როდესაც ამბობენ, რომ ქართველები ზარმაცი, მაგრამ ნიჭიერი ერი ვართ. თუ ზარმაცი ხარ, როგორ უნდა იყო ნიჭიერი?!
მოზარდები გარდამავალ ასაკში დამოუკიდებელ ადამიანებად ყალიბდებიან და უჩნდებათ სურვილი არა მშობლის მიერ ნაკარნახევი, არამედ საკუთარი თვალით დანახული თავისებურად აღიქვან და საკუთარი ღირებულებითი სისტემა შეიქმნან. ჩვენი რესპოდენტის პასუხებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ არა მხოლოდ მოზარდები უნდა ვაიძულოთ, რომ ყური დაუგდონ უფროსებს, არამედ უფროსებმა უნდა აიძულონ საკუთარი თავი მოუსმინონ მოზარდებს, რადგან ხშირ შემთხევვაში ისინი გაცილებით ობიექტურები და მართლები არიან.