ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული  პრესა  საქართველოს შესახებ



გასული კვირის კრიტიკული სტატიების შემდეგ, ამერიკული პრესა შედარებით გულმოწყალეა.

კერძოდ, გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ 20ნოემბრის გამოცემაში დაიბეჭდა ნიკოლას დე კრისტოფის სტატია სახელწოდებით „ობამა,მიშა და დათვი“. რომანტიული სახელწოდების მქონე სტატიის ავტორი , ალეგორიულად განიხილავს მისი თვალით დანახულ საქართველო-რუსეთის ურთიერთობას.

„ ჩრდილოეთელმა განრისხებულმა დათვმა ქართველ ხალხს შიშის ზარი დასცა. დათვი შეეცადა ეს პაწაწინა ქვეყანა გაეცამტვერებინა. ქვეყანა, რომელიც ეთაყვანება ამერიკის შეერთებულ შტატებს , ფიქსირებული საგადასახდო სისტემის მომხრეა და ცდილობს კორუფცია საბოლოოდ დამარცხოს.“-ციტატის დასასრული.

ავტორი სტატიაში აღწერს აგვისტოს ომის დეტალებს, ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატთა საპასუხო რეაქციებს და ამასთან დაკავშირებით ქართველის ჟურნალისტის -სოფო მოსიძის სიტყვებს იმოწმებს :

„ დასამალი არ არის ის ფაქტიც ,რომ საქართველო დემოკრატიული თვალსაზრისით საუკეთესო ნიმუშად მაინც არ გამოდგება.აქ ჟურნალისტებს ჯერ კიდევ არ აქვთ უფლება ბოლომდე თქვან სიმართლე. უმეტესი სატელევიზიო არხები მთავრობის პროპაგანდას ეწევიან“-ციტატის დასასრული.

სტატიის ავტორი აღნიშნავს,რომ საქართველოს ნატოში შესვლა გრძლევადიან მოლოდინთანაა დაკავშირებული და იქვე მოჰყავს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორის ემი დენმანის გამონათქვამი:

„ნატო საქართველოსათვის ხსნა არ არის.საქართველოს ხსნა ეკონომიკის განვითარებაშია.თუ ქვეყანა ეკონომიკის მიმართულებით განვითარდება,მაშინ თავისთავად დაცული იქნება“- ციტატის დასასრული.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ 20ნოენბრის გამოცემაში ჟურნალისტი ენ ეფელბაუმი ასევე ობიექტური და მიუკერძოებელი დამოკიდებულებით საუბრობს საქართველოში ეუთოს დამკვირვებელთა დასკვნების შესახებ.იგი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გამწვავების მიზეზად ისტორიას იშველიებს და აფხაზეთისა და ოსეთის მოვლენების ჭრილში განიხილავს აგვისტოს ომის დაწყების მიზეზებს.

„რუსეთმა ყველაფერი წინასწარ დაგეგმა.იგი ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმაზომიერად ანვითარებდა დადგმული სცენარის ყველა დეტალს. გზადაგზა ანგრევდა საზღვაო პორტებსა და სამხედრო გარნიზონებს, წყობიდან გამოჰყავდა ქართული სამხედრო შეიარაღება,ხოცავდა მშვიდობიან მოქალაქეებს და ტანკების გრძელი კოლონით უახლოვდებოდა ქვეყნის დედაქალაქს. მე ეჭვი არ მეპარება იმაში,რომ მათ ამით ქართველებს დაანახეს,თუ რისი გაკეთება ძალულთ და თუ ეს მომავალში მოისურვეს ან დასჭირდათ-აუცილებლად გააკეთებენ.ამის შემდეგ რუსები დაბრუნდნენ სამშობლოში,საკუთარი თავი ოსი ხალხის გადამრჩენლად გამოაცხადეს,ოსების მხრიდან არარსებული რაოდენობის მსხვერპლთა რიცხვი შეთხზეს და საააკაშვილი სოროსის სათამაშო მარიონეტად აღიარეს“-ციტატის დასასრული.

ამის შემდეგ სტატიის ავტორი საქართველოს პატარა , გულღია და ვაჟკაცურ ქვეყანას უწოდებს. ქვეყანას,რომელიც ამაყად აღუდგა წინ რუსულ ბოროტებას და პრეზიდენტობის კანდიდატს ჯონ მაკკეინს შემდეგი სიტყვები ათქმევინა:

„ჩვენ ახლა ყველანი ქართველები ვართ. ამერიკელებმა კარგად ვიცით,თუ რაოდენ რთულია აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა თავისუფალი ქვეყნისათვის. ამიტომ მათ ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ“-ციტატის დასასრული.

“როიტერის” ინტერნეტ საიტზე გამოქვეყნდა სტატია,სადაც მოცემულია რუსეთის გენერალური პროკურორის საგამომძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ბასტრიკინის განცხადება იმის შესახებ,რომ ვითომდა გარკვეულ გამოძიებაზე დაყრდნობით გაირკვა,რომ საქართველოს სამხედრო ძალებში სხვადასხვა ეროვნებისა და დანაშაულებრივი წარსულის მქონე ადამაინები იბრძოდნენ. ამის საპასუხოდ ამავე სტატიაში მოცემულია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის განცხადება,სადაც იგი აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები პრაქტიკულად გამორიცხულია,რადგან საქართველოს სამხედრო ძალებში კანონის თანახმად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ერთიანდებიან .

პრესის მიმოხილვას ერთი ჭეშმარიტების დამადასტურებელი ფაქტით დავასრულებთ. მას მერე,რაც რუსულმა კომპიუტერული თამაშების კომპანიამ „რუსობიტმა“ ახალი კომპიუტერული თამაშის „სამშვიდობო ბრძოლების განხორციელების“ სერიული გამოშვება გადაწყვიტა, აღმოჩნდა,რომ ფულს შეიძლება კომპიუტერის სუნიც ასდიოდეს. ამიერიდან რუსი ეროვნების კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს საშუალება მიეცემათ „თავიანთი სამშვიდობო მისიები” ოსეთის ტერიტორიაზე კომპიუტერული თამაშის საშუალებით განახორციელონ. თამაშის მთავარის სამიზნე ქართველი დამპყრობლები არიან, რომელთა დამარცხებით რუსის ჯარი ოსეთის ვირტუალურ სახელმწიფოს განთავისუფლებას ცდილობს. კომპიუტერული თამაშების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე დიმიტრიევსკი აცხადებს:

„პოლიტიკა პოლიტიკაა . ამ ახალ კომპიუტერულ თამაშს პოლიტიკასთან არაფერი კავშირი არა აქვს. იმედი გვაქვს,რომ ამას სერიოზულად არავინ აღიქვამს“-ციტატის დასასრული.

ჩვენც იმედი გვაქვს,რომ ბოლო დროს კრემლის მიერ გატარებული პოლიტიკის შემდეგ, რთულია ვინმემ რუსეთი გამანთავისუფლებელის როლში აღიქვას. იმედია,რომ ეს თამაში თამაშად დარჩება და რუსი ეროვნების კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს სამომავლო იმედები არ ჩაესახებათ.

XS
SM
MD
LG