ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო უცხოელის თვალით - რესპონდენტი - ჰოლანდიელი სოციოლოგი ჯეკ ვანდერნატი


დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოში მცხოვრები ჰოლანდიელი სოციოლოგი ბატონი ჯეკ ვანდერნატი. ბატონი ჯეკი თბილისში ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. იგი სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე და საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა საქართველოსა და ქართველების შესახებ.

-„მე შემთხვევით მოვხვდი საქართველოში. დაახლოებით ორი წლის წინ გადავწყვიტე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დაწყება ნიდერლანდებიდან. თურქეთში გავიცანი ერთი ახალგაზრდა, რომელმაც მირჩია თბილისიში ჩასვლა. როგორც მან მითხრა ორ დღეში მოვასწრებდი ამ ქალაქის დათვალიერებას . მე კი ისე მომეწონა საქართველო და ქართველი ხალხი, რომ გადავწყვიტე აქ დარჩენა, რაც მთავარია ჩემი ცხოვრების თანამგზავრიც სწორედ აქ, საქართველოში ვიპოვე. ‘’

რუსეთის აგრესიის დღეებში ჯეკ ვანდერნატი თბილისში იმყოფებოდა და მიუხედავად ნიდერლანდების საელჩოს მიერ გამოცხადებული ევაკუაციისა მან თბილისში დარჩენა ამჯობინა.

-‘’იმ დღეებში მე აქ ვიყავი. მე ასევე დამიკავშირდნენ ჩემი საელჩოდან და შემომთავაზეს ევაკუაცია. მე ვერავითარი მიზეზი ვერ დავინახე ევაკუაციის აუცილებლობისა. შეიძლება მე ჯეროვანად ვერ შევაფასე რუსების მხრივ ძალმომრეობის საშიშროება. როგორც მოგვიანებით აღმოწნდა ისინი თურმე მართლაც აპირებდნენ თბილისში შემოჭრას. თავიდანვე ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ რუსეთს აგრესიული გეგმები ჰქონდა და საქართველოს რეაქციაც მოსალოდნელი იყო. ახლახანს ბიბისიმ გადმოსცა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ვერ გამიგია რა საქმე აქვს რუსეთს აფხაზეთსა ან სამხრეთ ოსეთში.’’

კითხვაზე თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საქმეში, ჯეკ ვანდერნატმა ასე უპასუხა:

-‘’მე მჯერა იმისა, რომ მიუხედავად ამ აგრესიისა საქართველოს წინსვლას ვერ შეაჩერებენ. უბრალოდ დროა საჭირო იმისათვის, რომ უკეთესი პირობები შეიქმნას მოსახლეობისათვის და მეტი ინფორმაცია მიიღოს ქართველმა ხალხმა იმის თაობაზე თუ რა არის ნამდვილი დემოკრატია. მინდა ავღნიშნო, რომ ვხედავ განსაზღვრულ უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს აწმყო მთავრობის მიმართ. შეიძლება ამისათვის რაღაც საფუძველი მართლაც არსებობდეს, მაგრამ საშუალებებს, რომლებსაც მთავრობის ოპონენტები მიმართავენ რბილად რომ ვთქვათ მთლად გამართლებული არ არის. უცხოელებს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან და ინვესტიციები შემოაქვთ აქ, შეუძლიათ ასწავლონ ქართველებს ის, რომ შესაძლებელია საპირისპირო აზრის უკეთესი ფორმებით გამოხატვა. უნდა აღინიშნოს ის, რომ წარსულთან შედარებით ბევრი რამ გამოკეთდა. შეუძლებელია სასურველი შედეგების თვალის დახამხამებაში მიღწევა. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომსაქართველო დღესაც განვითარებადი ქვეყანაა. იმედი მაქვს, რომ მე ამ საქმეში გარკვეული წვლილი შემაქვს, თუნდაც იმით, რომ ვცდილობ ჩემმა სტუდენტებმა ზემოთქმული გაითვალისწინონ, როდესაც ჩივილს იწყებენ აწმყო მდგომარეობაზე. ‘’

ბატონმა ჯეკ ვანდერნატმა საკუთარი პროფესიული კუთხითაც შეაფასა საქაერთველოში შექმნილი მდგომარეობა.

-‘’მე ვხედავ იმას, რომ საქართველოში წინსვლას მაინც აქვს ადგილი. თუმც, რა საკვირველია ეკონომიკური პრობლემები დღესაც არსებობს მორღვეული ინფრასტრუქტურის გამო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის უზარმაზარი თანხები, რომლებიც აშშ-იდან, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან შემოდის საქართველოში ისეთივე როლს შეასრულებს, როგორიც შეასრულა მარშალის გეგმამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ნანგრევებიდან აღორძინებაში. ‘’

XS
SM
MD
LG