ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი პოლიტიკური არხი


უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქციები იმართება მოთხოვნით – 7 ნოემბერს ნაჩვენები იყოს დოკუმენტური ფილმები, რომელიც გასული წლის ნოემბრის მოვლენებს ეხება. ახალგაზრდული მოძრაობა “7 ნოემბრის” წევრები აცხადებენ, რომ ისინი აღნიშნული სახის პროტესტს მანამ გააგრძელებენ, სანამ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას და არ დაუთმობს ეთერს დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ 7 ნოემბრის თემაზე შექმნილ ფილმებს. დავით გოგიჩაიშვილი აცხადებს:

გოგიჩაიშვილი – ლევან ყუბანეიშვილმა გაგვცეს პასუხი, რატომ არ გვაშვებინებენ ამ ფილმს?!

ერთი სიტყვით, საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება პირველი არხის მიმართ ისევ გრძლდება. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ახალი ინიციატივა გამოჩნდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შესაძლოა პოლიტიკური პროგრამების არხად გადაკეთდეს, რომელიც პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების განცხადებებს და პრესკონფერენციებს პირდაპირ ეთერში გააშუქებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ეს ინიციატივა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან ლევან ყუბანეიშვილთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესთან ლევან გახელაძესთან შეხვედრაზე განიხილა. ”ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას ნებისმიერი კითხვის ნიშანი იმაზე, რამდენად გააჩნიათ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობისთვის მიმართვის საშუალება და მოსახლეობასთან პირდაპირ ეთერში კომუნიკაციის საშუალება,” - განუცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ განაცხადა, რომ საბჭო ”აქტიურად იმუშავებს” პოლიტიკურ პარტიებთან ”იდეის ზუსტი ფორმატის” და ”არხის ზუსტი პროგრამირების” განსაზღვრის მიზნით. ამჟამად გადამცემებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მეორე არხი მთელ საქართველოს ვერ ფარავს.საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ორი არხი აქვს - პირველი, ძირითადი არხი და მეორე არხი, რომელზეც პარლამენტის სხდომების პირდაპირი ტრანსლირება ხდება. ამჟამად მეორე არხზე ასევე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა აგვისტოს ომის მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომების ღია ნაწილი. ლევან ყუბანეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მეორე არხის ახალი ფორმატი არ გამოიწვევს რაიმე ცვლილებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პროგრამებში. მისი თქმით, უკვე 1 დეკემბრიდან პირველი არხი განახლებული ფორმატით გავა ეთერში. ამ ახალ იციატივას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა.

იმედი ვიქონიოთ რომ ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოთხოვნა სიტყვის თავისუფლებაზე, რეალურ შედეგს გამოიღებს და ქართულ სატელევიზიო მედია სივრცეში მართლაც იარსებებს განსხვავებული მოსაზრებების წარმოდგენის საშუალება. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საწყის ეტაპზე ამ ახალ ინიციატივას სრულ ნდობას ვერ უცხადებენ და ჯერ სხვადასხვა ტიპის ეჭვებს გამოთქვამენ. რასაკვირველია არსებობს რისკ ფაქტორები, რადგან საინტერესოა როგორ დაკომპლექტდება და გადანაწილდება დრო ამ ახალ მეორე არხზე, ვის ექნება პრიორიტეტი და ა.შ. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საპარლამენტო სესიები და სხვადასხვა ბროფინგების შესახებ ინფორმაციას მაყურებელი აქამდეც იღებდა, მთავარი დეფიციტი სწორედ განსხვავებული მოსაზრებების დეკლარირებაში, რაც ყველაზე მეტად შესაძლებელი არის თოქ-შოუს ფორმატით, სადაც არა მხოლოდ ფაქტის კონსტატირება, არამედ ამ ფაქტების სხვადასხვა რაკურსით განხილვა ხდება. ამ მიმართულებით ქართულ ტელემედიაში ჯერ სიახლეები არ შეიმჩნევა.

XS
SM
MD
LG