ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი, რეპორტაჟი თბილისიდან


დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალ პრეზიდენტს ირჩევენ, უკვე 24 საათში ცნობილი გახდება, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას - დემოკრატი ბარაკ ობამა თუ რესპუბლიკელი ჯონ მაკ-კეინი? არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ელიან 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. მიუხედავად იმისა რომ, ორად ორი ქვეყნიდან საქართველო ერთ-ერთი აღმოჩნდა, რომლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მხარს მაკ კეინს უჭერს, დღეს ჩვენს მიერ გამოკითხული რესპოდენტები უფრო თავდაჭერილნი არიან და ცდილობენ სავარაუდო შედეგებზე ისაუბრონ. ჩვენი კითხვა ამგვარია: რომელი კანდიდატი უფრო მისაღებია და რომელი მათგანის პრეზიდენტობა აისახება საქართველოზე უფრო დადებითად. ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე გვპასუხობს:

ეკა კვესიტაძედრო აჩვენებს რამდენად კარგი პრეზიდენტი იქნება ობამა და რამდენად გაამართლებს იმ იმედებს, რომელსაც მასზე ამყარებენ, ეს რასაკვირველია მისი არჩევის შემთხვევაში. რაც შეეხება მაკკეინს მისი პოლიტიკა უფრო პროგნოზირებადია, ცნობილია მისი შეხედულებები და ის მიმართულებები, რომელსაც ის საერთაშორისო პოლიტიკაში გაატარებს. ობამა კი არის ექსპერიმენტი, მისი ლოზუნგიც საკმაოდ ზოგადად ჟღერს, ჩემთვის რთულია მისი ლოზუნგის ქვეშ რაიმე კონკრეტულის მოაზრება. რაც შეეხება საქართველოს, ობამას შემთხვევაში შესაძლებელია მან უკეთესად შეძლოს ევროპის კონსოლიდირება და მასთან ერთად მუშაობა თუნდაც საქართველოს მომავალზე.

- დღეს მსოფლიო არჩევნების შედეგებს ელის და ყველა საკუთარი პრიზმიდან აკეთებს საკუთარ არჩევანს. ასეა საქართველოშიც და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ამ ქვეყნის მომავალიც დამოკიდებულია ამერიკის მომავალ პრეზიდენტზე. ჟურნალ “ანაბეჭდის” რედაქტორი, ჟურნალისტი ნინო დარასელი მოგვახსენებს.

ნინო დარასელისაქმე იმაშია, რომ მთელი მსოფლიოს პოლიტიკა, ეკონომიკა და საერთო მდგომარეობა, იმდენად დამოკიდებულია ამერიკაზე, რომ ბუნებრივია მსოფლიო არანაკლებ ელის ახალ პრეზიდენტს და ამავე დროს ჩვენც. ის, ვისაც არ უნდა ომი და ლიბერალურ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება სურს, ის გულშემატკივრობს ობამას.

- კიდევ რა არგუმენტები არსებობს, ერთი ან მეორე კანდიდატის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რა პოზიტიურ ნიშნებს ატარებენ ისინი, როგორც ამერიკისათვის, ასევე საქრთველოსათვის? ჟურნალისტი გოგი ახალკაცი აღნიშნავს.

გოგი ახალკაცივფიქრობ, რომ 8 წლიანმა კონსერვატიულმა მართვამ ამერიკას ბევრი კარგი არ მოუტანა, როგორც საერთაშორისო ასევე შიდა პოლიტიკაში. და მეორე ის, რომ ობამა არის აფროამერიკელი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუკი ამერიკა აირჩევს ობამას, მაშინ ამერიკა კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ის მართლაც დემოკრატიულია.

- ერთი სიტყვით, პოზიტიური ნიშნები როგორც თავად ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, ასევე საქართველოსთვის ორივე კანდიდატს გააჩნია. დღეს საქართველო და მასთან ერთად მთელი მსოფლიო 4 ნოემბრის არჩევნების შედეგებს ელის, ყოველი ჩვენთაგანი მხოლოდ დამკირვებელია, რადგან არჩევანს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები აკეთებენ. დაველოდოთ შედეგებს და ვნახოთ ვინ გახდება ქვეყნის ახალი პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG