ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში მომხდარ აფეთქებას რვა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა


პაკისტანიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კამიკაძე ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი შეაჯახა სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ფორმირების საკონტროლო გამშვებ პუნქტს. ავღანეთის საზღვრის მიდამოებში მომხდარ ამ ტერაქტს რვა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქება სამხრეთ ვაზირისტანის პროვინციის დედაქალაქის ვანას შემოგარენში მოხდა.

ცნობილია, რომ ავღანეთის მოსაზღვრე ტომებით დასახლებულ ამ რეგიონში თალიბები და ალ-ყაიდას მებრძოლები არიან გამაგრებულები. ორი დღის წინ ამერიკელმა სამხედროებმა ზემოთქმულ რეგიონში მდებარე ტერორისტთა ბაზა დაბომბეს და იქ მყოფი ალ-ყაიდას ერთ-ერთი რეგიონალური ლიდერი და კიდევ ცხრამეტი ტერორისტი გაანადგურეს. დღეს ისლამაბადში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ პაკისტანში გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად დამატებით დაახლოებით რვა მილიონი დოლარი ესაჭიროება.

XS
SM
MD
LG