ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ომის პირობებში ყველაზე მთავარი მოთხოვნა ბუნებრივად მშვიდობა გახდა


საქართველოში უკანასკნელი მოვლენების შემდეგ, თითქოს მეორე პლანზე გადაინაცვლა იმ მოთხოვნება, რომელიც აქამდე საკმაოდ აქტუალური იყო. ეს გახლავთ დემოკრატია – რომლის ნაკლებობაც ქვეყანაში იგრძნობა და რომელსაც სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების და ამასთანავე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ითხოვდნენ. მაგრამ რუსულ,ოსურ - ქართული ომის პირობებში ყველაზე მთავარი მოთხოვნა ბუნებრივად მშვიდობა გახდა. თუმცა, უკანაკსნელ დროს დასავლეთი, როგორც საქართველოს პარტნიორი უფრო და უფრო აქტიურად ალაპარაკდა ქართული დემოკრატიის ხარვეზებზე. ძალიან მალე, მას საქართველოს პრეზიდენტი მიჰყვა. 17 აგვისტოს პარლამენტის სხდომაზე, წლიური ანგარიში წარადგინა საქართველოს პრეზიდენტმა და მომავალ სტრატეგიაზეც ისაუბრა, რაც ახალი დემოკრატიული პროცესების დასაწყისში უნდა გამოვლინდეს. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა:

ნაწყვეტი მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან - დღეს მე ვაცხადებ დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ, რომლის მიზანია მივიღოთ უფრო ძლიერი პარლამენტი, ხელისუფლების შტოებს შორის უფრო მეტი კონტროლისა და ზედამხედველობის უფრო მეტი საშუალება, განვამტკიცოთ საკუთრების ხელშეუხებლობა, უფრო თავისუფალი და მიუკერძოებელი გავხადოთ მედია და უფრო სამართლიანი და დამოუკიდებელი - სასამართლო. საზოგადოებრივ არხზე მოხდება ინსტიტუციონალიზაცია, რომ მუდმივად იყოს დებატები და ამ არხის გახსნილობა გაიზარდოს; სასამართლოს მეტი დამოუკიდებლობისა და სამართლიანობისათვის ამ სფეროში გატარდება ახალი რეფორმები, რომლის მიხედვით, იუსტიციის საბჭოში აირჩევენ ოპოზიციის წარმომადგენელს, შემოღებული იქნება ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი და მოსამართლეებს უვადოთ დანიშნავენ".

ამგვარი დაპირება ქართული საზოგადოებისათვის უნდა იყოს ერთგვარი გარანტია იმისა, რომ დემოკრატიული ინტიტუტების მშენებლობა უფრო აქტიურად იყოს მოთხოვნილი. დღევანდელი გადაცემისთვის ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს ანა დოლიძეს. რა არის იმის მიზეზი, რომ დემოკრატიის კუთხით ჩვენ ისევ პრობლემები გვაქვს და ჩვენგან ისევ ითხოვენ მეტ დემოკრატიას?

ანა დოლიძეერთერთი პრობლემა რამაც ჩვენ დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, არის მედია სივრცის დახურულობა, რომელიც უკანაკსნელი წლების განმავლობაში ის ხელისუფლების მხრიდან სრულად კონტროლდება და აქედან გამომდინარე, კონტროლდება საზოგადოების ცნობიერებაც. ეს არის იმის მიზეზი, რომ დღეს მოსახლეობა არ არის ინფორმირებული იმ აუცილებელი საკითხების შესახებ და ამიტომაც ხელისუფლება არ თვლის თავს ანგარიშვალდებულად ვინმეს წინაშე. მეორე სფერო არის სასამართლო, რომელიც ისევ და ისევ ერთი ან რამდენიმე ადამიანის ხელშია მთლიანად. ამით პოლიტიკური ელიტა არ ზრუნავს პოლიტიკური სივრცის ლიბერალიზაციაზე.

- რამდენად სარწმუნოა მიხეილ სააკაშვილის მიერ მოცემული დაპირება დემოკრატიზაციის მიმართულებით, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მიმართულებით და რამდენად არის ამის დაკვეთა ან კი რესურსი ქვეყნის შიგნით, ქართულ საზოგადოებაში?

ანა დოლიძეჩემი თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილის წლევანდელი გამოსვლა, არაფრით განსხვავდება წინა გამოსვლებისგან. ამიტომ მე საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი. ამ ხელისუფლების პირობებში მე ეს შესაძლებლად არ მიმაჩნია. ამაზე უნდა იყოს თავად საზოგადოების უფრო მკაცრი დაკვეთა. დღეს მე არ მგონია რომ ახალი არჩევნების მოთხოვნა იყოს გამოსავალი. ახლა უნდა მოხდეს სამოქალაქო განათლების კერების შექმნა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეს ხდებოდა 96-97 წლებში. ვფიქრობ რომ ამის რესურსიც არის და მოთხოვნაც. ის დებატები რომელიც შევარდნაძის დროს იმართებოდა, დღეს გადანაცვლებულია ინტერნეტ ფორუმებში და პირად მიმოწერაში. ამიტომ მომავალში ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ასეთი კერები, სადაც მოვახდენთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

ბუნებრივია სწორედ საქართველოს მოსახლეობა უნდა გახდეს დამკვეთი და ინიციატორიც დემოკატიული პროცესების განვითარებისა, ერთი ადამიანის ნება – იქნება ეს გულწრფელი თუ ვალდებულებრივი პირობა, არ არის საკმარისი. გადამწყვეტი სიტყვა მაინც საზოგადოებაზეა, რომელმაც უნდა მოიპოვოს დემოკრატიული წყობა.

XS
SM
MD
LG