ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰელსინკის კომისია საქართველოს შესახებ მსჯელობს


გუშინ შეერთებული შტატების კონგრესში ჰელსინკის ჯგუფის ინიციატივით მოეწყო მოსმენა თემაზე რუსეთის შეტევა საქართველოს წინააღმდეგ. მოსმენას თავმჯდომარეობდა კონგრესმენი ელსი ჰასტინგსი. მისი მოადგილე კი სენატორი ბენჯამინ კარდინი იყო.

სენატორმა კარდინმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ჰელსინკის პრინციპების მეოთხე პუნქტს ეწინააღმდეგება. ბატონმა თავმჯდომარემ კი დასძინა, რომ რუსეთმა ეუთოსთვის მიცემული პირობა დაარღვია, რომლის მიხედვითაც რუსეთს პატივი უნდა ეცა სხვა ქვეყნების ტერიტორიული ინტეგრაციისა და მათი საზღვრების შეუვალობისთვის და ნებისმიერი წამოჭრილი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას უნდა მიმხრობოდა.

შემდეგ სენატორმა და კონგრესმენმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს განუცხადა, რომ სააკიაშვილი უნდა გადადგეს. ორივე გამომსვლელმა განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაყენებისა თუ პრეზიდენტად დარჩენის საკითხი მხოლოდ საქართველოს ამომრჩეველთა გადასაწყვეტია.

შემდეგ კომისიის წინაშე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა წარსდგა. თავიდან მან რუსეთის აგრესიის წინაპირობებზე გაამახვილა ყურადღება. იმაზე თუ რარიგ ცდილობდა მოსკოვი საქართველოს ომში ჩათრევას და რა გზებსა ტუ ხერხებს მიმართავდა ამისთვის. ბატონმა ბრაიზამ განაცხადა, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია და რომ კონფლიქტის დასაწყისად ოსი სეპარატისტების მხრიდან ქართული სოფლების დაბომბვა უნდა მივიჩნიოთ.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ ისევე, როგორც აფხაზეთში მანამდე, სამხრეთ ოსეთშიც ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა. ბატონმა ბრაიზამ სთქვა, რომ რუსეთი სინამდვილეში სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობის დაცვის საბაბით ძირძველი იმპერიული ამბვიციების დაკმაყოფილებას, ენერგომატარებლებზე მონოპოლიის და ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების წინააღმდეგ ბრძოლას ცდილობს.

შემდეგ აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის კვლევის ცენტრის დირექტორს ბატონ პოლ გობლს მოუსმინეს. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი ომი საქართველოსაც რომ დაეწყო, თბილის საერთაშორისო სამართლის საფუცვლები მაინც არ დაურღვევია. “საერთაშორისო კანონი სწორედ, რომ რუსეთმა დაარღვია”. განაცხადა ბატონმა გობლმა.

შემდეგ სიტყვით საქართველოს პარლამენტის სპიკერი ბატონი დავით ბაქრაძე გამოვიდა. ბატონმა სპიკერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადრება რუსეთის აგრესიის უკანონობასა და იმ ფაქტზე, რომ მოსკოვი საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ მომზადებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებას ჯერაც არ ასრულებს. მოსმენის სემდეგ ჩვენ ინტერვიუ ჩამოვართვით ბატონ დავითს.

XS
SM
MD
LG