ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის კონდოლიზა რაისის განცხადებით რუსეთი არ ასრულებს საქართველოსთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის კონდოლიზა რაისის განცხადებით რუსეთი არ ასრულებს საქართველოსთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს და ამის გამო საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა.

დღეს ლისაბონში ჟურნალისტებთან საუბრისას კონდოლიზა რაისმა აღნიშნა რომ რუსეთი პატივს არ სცემს საქართველოსადმი ნაკისრ ვალდებულებებს. შეერთებული შტატები მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას რომელსაც არ გაჰყავს ჯარი ფოთიდან და საქართველოს სხვა რაიონებიდან.

კრემლი ამტკიცებს რომ მისი შეიარაღებული ძალები საქართველოში სამშვიდობო მისიით გათვალისწინებულ მოვალეობას ასრულებენ. როგორც ლონდონში განთავსებული ევროპული რეფორმების ცენტრის ანალიტიკოსი ბობო ლოუ აცხადებს ნიკოლა სარკოზის და დიმიტრი მედვედევის მიერ მიღწეული შეთანხმება, რომელიც ბევრს საფრანგეთის დიპლომატიის წარმატებად მიაჩნდა სინამდვილეში არ სრულდება:” სარკოზის სურდა საფრანგეთს წამყვანი როლი ეთამაშა ამ კონფლიქტის მოგვარებაში, მაგრამ აღნიშნული შეთანხმება იმდენ ხვრელებს შეიცავს რომ ეს შეიძლება საფრანგეთის და პირადად ნიკოლა სარკოზის დიპლომატიურ მარცხად ჩაითვალოს.”

ამასობაში ფოთის ნავსადგურში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ამერიკული სამხედრო გემი შევიდა, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი კი საქართველოდან უკრაინაში ჩავიდა ვაშინგტონის მოკავშირეების მხარდასაჭერად. რუსეთმა დიკ ჩეინი საქართველოს წაქეზებაში დაადანაშაულა.

დღესვე საფრანგეთის ქალაქ ავიონში ევროკავშირის მინისტრების შეხვედრა დაიწყო, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებელთა გაგზავნის შესახებ იმსჯელებენ.

XS
SM
MD
LG