ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართულ საზოგადოებაში კრიზისის შემდეგ ჩნდება კითხვები


მაშინ, როდესაც პოლიტიკური კრიზისული ვითარება, ნელ-ნელა სტაბილიზაციისაკენ მიდის, ქვეყნის შიგნით საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, იწყება მსჯელობა და ანალიზის მცდელობები. ასეთ დროს ხდება პასუხისმგებლობების გადანაწილება, ვის რა ტიპის პასუხიმგებლობა ეკისრება მომხდარზე. სამწუხაროა, რომ საქართველომ უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე უკვე სამი ომი გამოიარა, ამას შედეგად მოჰყვა ადამიანებისა და ტერიტორიების დაკარგვა და სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებას არ მოუხდენია არც ერთი მათგანის ანალიზი, შეფასება და ეს შეფასებები, კომუნისტური ეპოქის მსგავსად ჩაკეტილი სახლების სამზარეულოებში დარჩა. დღევანდელ ჩვენს კითხვას პასუხობს, ადამიანი, რომელიც უკანასკნელი 3 ათწლეულის მანძილზე მშვიდობიანი ფორმებით ებრძვის საბჭოთა და რუსულ იმპერიას. მწერალი დავით ტურაშვილი პასუხობს კითხვას – რა უნდა მოხდეს, რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე საზოგადოებამ, ხალხმა, რომელსაც ის, ამჯერად მაინც არ უნდა გაექცეს.

დავით ტურაშვილი – რაც მოხდა არ არის, მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლები ვართ ყველანი ჩვენც. ამას ვამბობ დაკვირვების შედეგად – დაკვრივება კი იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლების თითქმის ყველა ნაბიჯი არის ადექვატური საზოგადეობის მოთხოვნილებისა. ამაში იგულისხმება ყველა პოზიტიური თუ ნეგატიური ნაბიჯი. ამას განსაკუთრებით ვგულისხმობ ცხინვალში მომხდარი მოვლენების საფუძველზე. სამწუხაროდ ამ შედეგის მოთხოვნილება ჩვენს საზოგადოებაში არსებობდა. საზოგადოებაში არ იყო დაკვეთა, რომ გაჩენილიყო ამ კონფლიქტის მოგვარების სხვა გზები. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ არასდროს გვინდა რომ დავინახოთ პრობლემები საკუთარ თავში და სულ გარეთ ვეძებთ. მე პირველად 12 წლის ვიყავი, პირველი საპროტესტიო აქცია რომ მოვაწყე რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და ზუსტად ვიცოდი ვისთან გვაქვს საქმე. ახლა კიდევ ერთი გამოსავალი მოვნახეთ და ვამბობთ, რომ ეს მაინც მოხდებოდა და ამის შესაძლებლობაც არის, მაგრამ სამწუხაროა, მაგრამ ამის თქმა ყველაზე ადვილია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს როგორც ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას, მისი მოგვარების სხვა გზები არ უცდია. როგორც კი ქართველები ვიჯერებთ, რომ ჩვენ რომელიმე პრობლემის მოგვარება შეგვიძლია იარაღით, მაშინ ვმარცხდებით სწორედ. ეროვნული მოძრაობა იმიტომ იყო გამარჯვებული, რომ ის იყო მხოლოდ მშვიდობიანი. როგორც კი ჩვენ დავიწყეთ ე.წ. შეიარაღება, იმ დღიდან ვართ დამარცხებულები. და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ მთავარია ჩვენ გავაკეთოთ დასკვნა. სამწუხაროდ ჩვენ 15 წლის წინანდელ ამბებზეც არ გაგვიკეთებია დასკვნა და ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ განწირულნი ვართ მომავალი შეცდომებისთვისაც.


XS
SM
MD
LG