ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი პოლიტოლოგი მედვედევს აკრიტიკებს


რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ 5თ წუთიანი სატელევიზიო განცხადება გააკეთა რუსული ტელევიზიით, სადაც საქართველოს ბრალი დასდო ბლიცკრიგის მცდელობაში. მისი თქმით მცდელობის მიზანი იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების მოსპობა.

მან სხვა ქვეყნებს მოუწოდა მიბაძონ რუსეთის მაგალითს და სცნონ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა. მისივე თქმით ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი მაგრამ ეს იყო ერთადერთი გზა, რათა გადაერჩინათ ადამინების სიცოცხლე.

ამერიკის ხმას ესაუბრა დამოუკიდებელი რუსი პოლიტიკური მიმომხილველი ალექსანდრე კონოვალოვი. როგორც მან თქვა 1975 წელს მიღებული ჰელსინკის შეთანხმება ითვალისწინებს ევროპაში იმ სახელმწიფო საზღვრების ხელშეუვალობას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამტკიცდა. კონოვალოვის აზრით რუსეთის ეს გადაწყვეტილება ჰელსინკის შეთანხმების ხელყოფას წარმოადგენს. მისი აზრით ეს თვით რუსეთს მიაყენებს ზიანს, რადგანაც მოსკოვს აღარ ექნება იმის საფუძველი, რომ გააკრიტიკოს დასავლეთი და ამერიკა კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობისათვის.

-”კიდევ უფრო საგულისხმოა ის, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება კავკასიაში შენელებული მოქმედების ნაღმის ჩადების ტოლფასია, რადგანაც თუკი მოსკოვი აღიარებს ოსებისა და აფხაზების უფლებას გამოეყონ საქართველოს , მაშინ ჩეჩნებმა და ინგუშებმა რაღა დააშავეს? მათაც ხომ უნდა ჰქონდეთ უფლება გამოეყონ რუსეთს”- აღნიშნა კონოვალოვმა.

კონოვალოვის აზრით ვერავინ იტყვის ზუსტად როდის იფეთქებს ეს ნაღმი, მაგრამ ის რომ ამას ადგილი ექნება უდავოა.

თბილისში ევროპაში ინტეგრაციის ფორუმის თავმჯდომარემ სოსო ცისკარიშვილმა ამერიკის ხმის კორესპონდენტთან პიტერ ფედინსკისთან საუბარში აღნიშნა, რომ მედვედევმა აშკარად გამოავლინა ის , რომ იგი არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია, რომელიც შეარჩიეს და არა აირჩიეს და რომელიც რუსეთის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე აღებულ ვალდებულებებს როგორც სჩანს არ შეასრულებს.

XS
SM
MD
LG