ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ჩვენ დავიცავთ სისხლის ბოლო წვეთამდე


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ საღამოს თავის სატელევიზიო მიმართვაში ერისადმი განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს ინტერვენციას ახორციელებს.

გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექტს:

”ძვირფასო თანამემამულენო ამ მნიშვნელოვან, გადამწყვეტ დროს ჩვენი სამშობლოსი მე მინდა მოგმართოთ იმისათვის, რომ აღგიწეროთ არსებული მდგომარეობა და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნის გზები და როგორ ვმუშაობთ ამ გზებზე მოგახსენოთ.

მე, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ის რაც ხორციელდება ახლა საქართველოს წინააღმდეგ სრულიად ნათელია, რომ არის მრავალი თვის წინ თუ არა წლების წინ დაგეგმილი სამხედრო ინტერვენცია, რომლის მიზანი არის როგორც მინიმუმ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაცია და ანექსია და როგორც საბოლოო შედეგი მთლიანად საქართველოს ოკუპაცია და დამონება.

ის საინტერვენციო ძალა, რომელიც შემოვიდა საქართველოში, არის ძალიან მრავალრიცხოვანი, ძალიან სერიოზული და რა თქმა უნდა, შეიცავს სასიკვდილო საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. დღეს თითოეული ჩვენგანის თავისუფლება და მომავალი არის ძალიან მძიმე დარტყმის ქვეშ.

დღეს ხორციელდება საქართველოს ხელახლა ოკუპაციის, დამონების, მისი დამოუკიდებლობის ჩამორთმევის მცდელობა. ეს რომ ასეა საერთოდ ეჭვს აღარ იწვევს ბოლო დროინდელი განცხადებების შედეგად. თუ ადრე საუბარი ჰქონდათ იმაზე, რომ მათ უპასუხეს თითქოს და ჩვენს მიერ დაწყებულ ოპერაციას სამხრეთ ოსეთში, მშვენივრად იცით, რომ ჩვენ არაფერი არ დაგვიწყია ბოლო წუთამდე.

გუშინ და გუშინწინ უკვე კეთდებოდა ოფიციალური განცხადებები, რომ ამ ოპერაციის მიზანი არის საქართველოს ხელისუფლების გამოცვლა, საქართველოს კურსის შეცვლა, ეს ითარგმნება მათი ენიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დასრულება.

ხორციელდება დარტყმები კოდორის ხეობის მიმართულებით, ზემო აფხაზეთში, ხორციელდება დარტყმები აფხაზეთის და სამეგრელოს მიმართულებით. გუშინ იყო მცდელობა გორის აღების, რომელიც მოგერიებული იქნა ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ.

მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები, ძალიან კარგად იბრძვიან, მათი მორალი სულ უფრო იზრდება. რა თქმა უნდა, მე ძალიან ვწუხვარ და ომი არის ხალხო და რა თქმა უნდა, გვაქვს დანაკარგები, მაგრამ მოწინააღმდეგეს აქვს ბევრად მეტი დანაკარგი, მე ამას ვაცხადებ მათივე წყაროზე დაყრდნობით, სხვათაშორის, მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე გამოცდა და რეალურად ჩვენი ძალების წარმატება ეფუძნება მათ წარმოუდგენელ, ენით აღუწერელ გმირობას. მოწინააღმდეგე არ მოელოდა და თვითონვე აღიარეს თავის ოფიციალურ განცხადებაში, რომ 12-ჯერ მეტი წინააღმდეგობა შეხვდათ საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან, ვიდრე წარმოედგინათ.

მაგრამ მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო - ჩვენ გვინდა დაუყოვნებლივ დასრულება ამ სამხედრო კონფრონტაციის. ჩვენ გვინდა დასრულება ომის, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია. ჩვენ გვინდა რუსეთის ინტერვენციის შეჩერება. ჩვენ მზად ვართ და დავადასტურე დღეს მე მხარდაჭერა საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის და საგარეო საქმეთა მინისტრის კუშნერის გეგმის, კუშნერი იყო ჩამოსული, პრეზიდენტი სარკოზი ჩამოდის ხვალ. ჩვენ მზად ვართ მოვაწეროთ ცეცხლის შეწყვეტას ხელი და მოვაწეროთ ხელი იმას, რომ აღარ განახლდეს.

ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში რამდენიმე ევროპელი ლიდერის ვიზიტს. ხვალ როგორც გითხარით პრეზიდენტი სარკოზია, მრავალი ევროპელი მინისტრი იმყოფება ახლა საქართველოში. დღეს იწყება ჰუმანიტარული დახმარების დიდი რაოდენობით ჩამოსვლა მთელი მსოფლიოდან. პირველი თვითმფრინავები საფრანგეთიდან ჯდება 2 საათში და შემდეგ მოჰყვება მთელი ევროპიდან მას თვითმფრინავების წყება მათ შორის უკრაინიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან, დანიიდან, მრავალი მხრიდან.

მე მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც საბრძოლო ვითარების გამო დატოვა კონფლიქტის ზონა - ჩვენ ყველას დაგაბრუნებთ და აქ სანამ ეს კონფლიქტი არ დასრულებულა, უმკაცრესი მითითებები გავეცი უმკაცრესი, რომ არავინ არ იყოს მიტოვებული.

პირველ საათებში მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა, იყო ქაოსი, იმიტომ რომ ჩვენ ამისთვის არ ვემზადებოდით და ძალიან მუხანათურად დაგვესხნენ თავს. მიუხედავად იმისა, თუ გახსოვთ სულ ვზრდიდით სამხედრო ბიუჯეტს და იყო ლაპარაკი რისთვის? რისთვის? რისთვის? - აი ამ დღისთვის, აი ამ შავი დღისთვის და ვერ მოვასწარით კიდევ რამდენადაც მე მინდოდა გაგვეზარდა და გაგვეკეთებინა და კიდევ -ახლა ამაზე ლაპარაკი არ ღირს - შარშან და შემოდგომაზე, რომ არ დაგვეკარგა ათასგვარ შიდა დაპირისპირებისას დრო, კიდევ უფრო კარგად ვიქნებოდით მომზადებული, მაგრამ დღესაც ჩვენ ვართ კარგად მომზადებული და დღესაც ჩვენ, რაც მთავარია გვაქვს მოტივაცია, რომ ჩვენი ქვეყანა მაგრად და სათანადოდ დავიცვათ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, გადავარჩინოთ თითოეული ჩვენგანის მომავალი.

გავცეთ საკადრისი პასუხი მოწინააღმდეგეს.

მე მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა ჩვენი გადარჩენა ხალხო არის ჩვენი გასაკეთებელი. ჩვენს გარდა ამას ვერავინ ვერ გააკეთებს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი, საერთაშორისო დიპლომატიური ჩარევა არის გადამწყვეტი, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიქენით ძალიან მობილიზებული, თუ ჩვენ არ გამოვიჩინეთ ნამდვილი გმირობა და თავგანწირვა, თუ ჩვენ არ დავუპირისპირდით ამ უზარმაზარ ბრუტალურ ძალას, ჩვენს გარეშე, ჩვენი ყველას თავგანწირვის გარეშე, რა თქმა უნდა, საქართველო ვერ შეაჩერებს ამ დაპირისპირებას და კონფლიქტს.

ყველაფერი ეს რაც ხდება დაბომბვები, განსაკუთრებით სამოქალაქო ობიექტების, ღამე ყუმბარების ჩამოყრას აქვს ერთი მიზანი - ჩვენი საზოგადოების დემორალიზაცია, საზოგადოებაში პანიკის გამოწვევა.

მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას იმ ათობით ათას თბილისელს, რომლებიც გუშინ გამოვიდა ქუჩებში და გამოხატავდა თავის დიდ მხარდაჭერას ქართული სახელმწიფოებრიობისადმი. მე მინდა მადლობა ვუთხრა იმ ხალხს, გუშინ გავიარე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, აღმოსავლეთიდან დასავლეთის ტრასაზე და ვნახე, მიუხედავად იმისა, რომ რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ თავზე, დამბზუოდნენ თავზე მთელი მოძრაობის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა რამოდენიმე ადგილზე ტრასა იბომბებოდა მე ვნახე ძალიან ბევრ მანქანაზე აღმართული საქართველოს დროშები და საერთოდ მე ვნახე ქუჩებში აივნებზე გადმოფენილი საქართველოს დროშები, ეს არის ჩვენი პასუხი, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი გამბედაობა, ჩვენი გამძლეობა და ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ მთელს საქართველოს.

ეს არის ის რაც ხდება, ეს არის საქართველოს ბრძოლა ეროვნული გათავისუფლებისთვის, ეს არის საქართველოს თავზე მოხვეულ ომზე პასუხი საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგობით და საქართველოს საზოგადოების გმირობით იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა და ჩვენი შვილების მომავალი.

ჩვენი შვილების მომავალი, უცხო ქვეყნის მოხელეებმა აღარ უნდა განსაზღვრონ ჩვენი შვილების მომავალი და ჩვენი ქვეყანა უნდა იმართებოდეს ყოველთვის საქართველოს საზოგადოების მიერ არჩეული დემოკრატიული მთავრობის მიერ, ე.ი. ქართველი ხალხის მიერ, რომელიც იმოქმედებს ხალხის ინტერესებში მრავალეთნიკური საზოგადოების ინტერესებში და არასდროს არ იცეკვებს სხვის დაკრულზე და აღარ დადგება ის დრო, როცა ჩვენ ფეხები უნდა გვეწმინდა და ფეხსაცმელები გველოკა უცხო ქვეყნის მოხელეებისთვის.

ჩვენ დავაყენეთ საქართველო მუხლებიდან ბოლო წლების განმავლობაში და ხალხო ნურასდროს ნურავის ნუ დავაჩოქებინებთ თავს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ აქედან, მაგრამ საქართველო უნდა გამოვიდეს აქედან წელგამართული. საქართველომ უნდა მოახერხოს მშვიდობის აღდგენა და რა თქმა უნდა, მომავალში კარგი ურთიერთობის ქონა, მათ შორის რუსეთთან, რომელიც თავს დაგვესხა.

მე ასევე მინდა მივმართო რუსულ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ყველანაირი საინფორმაციო საშუალება დაბლოკილია, მაგრამ ინფორმაცია მაინც გადის - ჩვენ არ ვეომებით რუსს ხალხს, ჩვენ არ ვბრაზდებით რუსულ საზოგადოებაზე, ბევრი უსამართლობაა ჩადენილი ამ წუთებში საქართველოს მიმართ, თითოეული ქართველის მიმართ.

დადგება დრო მე დარწმუნებული ვარ, როცა ჩვენ გვექნება ისევ ძალიან კარგი ურთიერთობა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ჩვენ დავიცავთ სისხლის ბოლო წვეთამდე, კბილებამდე ბოლომდე, სისხლის ბოლო წვეთამდე. ღმერთი იყოს თითოეული ჩვენგანის მფარველი, ღმერთი იყოს საქართველოს თავისუფლების მფარველი, ღმერთი იყოს ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი გმირების მფარველი. გაუმარჯოს საქართველოს!”

XS
SM
MD
LG