15 ივლისს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში პაატა ბურჭულაძის საოპერო სცენებზე მოღვაწეობის 30 წლისთავი აღინიშნა. ამ თარიღს აღნიშნავენ მსოფლიოს დიდი და მნიშვნელოვანი თეატრები. ის, რომ მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიც აღმოჩნდა, ცალსახად მისასალმებელია.
მაგრამ პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტი არ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც 2008 წლის 15 ივლისი განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს. ეს საღამო ორი დიდი მუსიკოსის ტანდემად უნდა მივიჩნიოთ. პაატა ბურჭულაძეს სადირიჟორო ორმოდან მეოცე საუკუნის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი დირიჟორი ხელმძღვანელობდა. იური ტემირკანოვი საკუთარ ორკესტრთან, ანუ სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის აკადემიურ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად პირველად იყო თბილისში გასტროლზე. ეს იყო იმ რანგის მოვლენა, რომელიც რისი მსგავსიც თბილისში არც თუ ისე ხშირად ხდება.
იური ტემირკანოვი 1968 წლიდან ხელმძღვანელობს სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის აკადემიურ სიმფონიურ ორკესტრს. 1978 წლიდან მუშაობს ლონდონის სამეფო ფილარმონიის ორკესტრთან, ხოლო 1992 წლიდან ხდება მისი მთავარი დირიჟორი. 1992-1997 წლებში დრეზდენის ფილარმონიის ორკესტრის მიწვეული მთავარი დირიჟორია. 2000 წლიდან უკვე ბალტიმორის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორიცაა. 2007 წელს დიდი თეატრის მიწვეული მთვარი დირიჟორი გახდა. 2005 წელს მან გახსნა ნიუ იორკის სახელგანთქმულ კარნეგი ჰოლში სეზონი. მაესტრო ტემირკანოვი არაერთი ორდენის კავალერია. 1998 წელს თავად დაარსა "კულტურული ინიციატივების საერთაშორისო ფონდი" და დააწესა პრემია ნიჭიერ მუსიკოს-შემსრულებელთათვის.
მას შემდეგ, რაც პაატა ბურჭულაძემ ფონდი "იავნანა" ჩამოაყალიბა, საქველმოქმედო პროექტებით არამხოლოდ უსახლკაროებს მისცა სახლები და არა მხოლოდ სნეულებს დაეხმარა. მის მიერ განხორციელებული ყოველი პროექტი არაერთი ქართველის, ბიზნესმენისა და რიგითი ადამიანის ფსიქიკაში რაღაცის შეცვლის მცდელობაა...
პაატა ბურჭულაძეს კონცერტის შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. ისევ ისეთი, როგორიც რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების წინ რომ უკვე არაერთია ჩაბეტონებული. ამ ვარსკვლავთა დიზაინერი აშკარად უცვლელია, უცვლელი ხელწერით...
და კიდევ ერთი მუსიკალური, უფრო სწორედ კი სიახლე კლასიკური მუსიკის თავყვანისმცემეთათვის. კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში რამდენიმე დღის წინ ახალი მუსიკალური გაერთიანების პრეზენტაცია შედგა. კონცერტიც სრულიად ახალმა გაერთიანებამ წარმოადგინა.
ქართული კამერული ორკესტრის კონცერტი საქართველოში უკვე 5 წელია არ ყოფილა. მას შემდეგ რაც ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული ორკესტრი დაიშალა სახელმწიფო ორკესტრის სტატუსის მქონე კამერეული მუსიკის ორკესტრი საქართველოში აღარ არსებობს. ყოველ შემთხვევაში მსმენელი მას არ იცნობს. სწორედ ამიტომ მიიქცია ყურადღება საღამომ და ამ კამერული მუსიკის კონცერტმა. ალექსანდრე ხაინდრავასა და მისი ორკსტრის მუსიკოსები ჯერჯერობით ენთუზიასტები არიან. თუმცა არსებობს სერიოზული იმედი იმისა, რომ მათი გაერთიანება სახელმწიფო ორკესტრის სტატუსს მოიპოვებს. ასეთ შემთხვევაში, ანუ საქართველოს კამერული ორკესტრის სტატუსით მათ აქვთ სერიოზული შანსები იმისა, რომ უცხოელი, ცნობილი გენტების ყურადღება დაიმსახურონ და ევროპაში, სადაც კამერული ორკესტრები სერიულ კონცერტებს ძალიან აქტიურად მართავენ, ამ ქართული ორკესტრის გასტროლებით და მასთან თანამშრომლობით დაინტერესდნენ.
ახალი კამერული ორკესტრის კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. შესაბამისად შეიძლება ვიმედოვნოთ, რომ კამერული ორკესტრის საჭიროება ქვეყნისთვის უკვე ყველასთვის ცხადია და ამას გარდა, ამ ორკესტრს გამოუჩნდებიან მეგობრები, რომლებიც მისსა და მისი მსმენელის პათოსს გაიზიარებენ, და ყველა მოუგვარებელ საკითხებსაც გადაჭრიან.