შეერთებულ შტატებში გადასახადების ნაწილის გადამხდელისთვის დაბრუნებამ, საცალო გაყიდვის მაღაზიებში ვაჭრობის გამოღვიძება გამოიწვია.
ზოგი საცალო ვაჭრობის მაღაზია გაყიდვების გაზრდას აღნიშნავს, ზოგი კი ამტკიცებს, რომ არაფერი შეცვლილა და ყველაფერი ძველებურადაა. ვაჭრობის სპეციალისტის მარშალ კოენის აზრით, დაღმავალი ეკონომიკის მიუხედავად ამერიკელები მაინც მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავენ:
“ამერიკელი მომხმარებელი კარგი ინვესტორი და შემნახველი როდია. თუ მას ფული უჩნდება, იგი სასწრაფოდ მიიჩქარის მაღაზიისკენ. სარგებელს ძირითადად იაფფასიანი მაღაზიები ნახულობენ”. ამბობს იგი.
ტანსაცმლისა და საიუველირო ნაწარმის გაყიდვა შენელდა, ამიტომაც ასეთი ნაწარმის გამყიდველი მაღაზიები კარგ დღეში ვერ არიან. ამის საპირისპიროდ, ხალხი საბითუმო გაყიდვის მაღაზიებს აწყდება. ასეთი მაღაზიები მომხმარებელს მრავალფეროვან საქონელს სთავაზოენ. კოენის თქმით, ეს დიდი მაღაზიები კიდევ იმიტომ სარგებლობენ პოპულარობით, რომ აქ ერთდროულად ბევრი რამის ყიდვაა შესაძლებელი.
“ხელფასის მიღებისთანავე თქვენ სუპერმარკეტში გარბიხართ საკვების საყიდლად ან კიდევ საბითუმო გაყიდვის მაღაზიაში, რათა დიდი რაოდენობით შესანახად ვარგისი ნაწარმი იაფად შეიძინოთ”. ამბობს მარშალ კოენი.
“ხუთასი დოლარი ოჯახს დიდ ხანს ვერ გაატანინებს. მე ამ თანხას ორი კვირის განმავლობაში ვხარჯავ”. ამბობს ლოს ანჯელესში მცხოვრები სამი შვილის დედა ანა ხიმენესი, რომელიც ძირითადად საბითუმო ვაჭრობის მაღაზიებით სარგებლობს.
მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული “უოლ მარტის” ქსელია. “უოლ მარტმა” კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი მიიზიდა მას შემდეგ, რაც გამოაცხადა, რომ დაბრუნებული გადასახადის ჩეკებს უფასოდ ანაღდებს. მაისში ამ მაღაზიების გაყიდვა ოთხი პროცენტით გაიზარდა:
“ჩვენ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ხელფასიდან ხელფასდამდე ატანს. ისინი უკვე მზა საჭმელს იძენენ. პიცისა და მსგავის პროდუქტების გაყიდვა საგრძნობლად გაიზარდა. გვეუბნება “უოლ მარტის” მთავარი ფინანსისტი ტომ შოევე.
ასევე კარგად იყიდება ტელევიზორები და სხვა აპარატურა. საწვავის ფასის ზრდიდან გამომდინარე, ხალხი დასასვენებლად იშვიათად მიდის და შინ უფრო დიდ დროს ატარებს. ასევე გაიზარდა საყოფაცხოვრებო საქონლის გაყიდვებიც. დოლარით რაც შეიძლება მეტის ყიდვის სურვილი, სოციო-ეკონომიკურ საზღვრებს სცილდება. ამერიკაში იაფფასიანი მაღაზიებით შეძლებულებიც კი სარგებლობენ.