ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. მედვედევი ჩინეთს სტუმრობს


რუსეთის ახალი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ორ დღიანი ვიზიტით დღეს პეკინში ჩავიდა. რუსეთის ლიდერის განცხადებით, მის ქვეყანას პრაგმატული და მეგობრული ურთიერთობების დამყარება სურს მეზობელ ჩინეთთან. მიმომხილველების დაკვირვებით, ბოლო დროს ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მართლაც უფრო აქტიური და მეგობრული ხდება. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწე ლი ჰუი აცხადებს, რომ ოფიციალური პეკინი მოხარულია, რომ პრეზიდენტად გახდომის შემდეგ სულ რაღაც ერთი თვის თავზე ბატონი მედვედევი ჩინეთს სტუმრობს და რომ ეს ფაქტი მართლაც ადასტურებს თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს კრემლი ჩინეთთან ურთიერთობას. პრეზიდენტი მედვედევი ვიზიტის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს ჩინეთის პრეზიდენტ ჰიუ ჯინთაოსთან, პრემიერ ვენ ჟიაბაოსა და სხვა ოფიციალურ პირებთან. განსახილველ საკითხებს შორისაა თანამშრომლობა სამხედრო, სავაჭრო და ენერგეტიკის სფეროებში. ჩინეთში, რუსეთის ელჩი სერგეი რაზოვი ჟურნალისტებს უცხადებს, რომ ორ ქვეყანას ბევრ საკითხში მსგავსი მოსაზრებები აქვს. მათ შორის არის ირანისა და კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ არსებული პრობლემები. საერთაშორისო კვლევის მონტერეის ინსტიტუტის ექსპერტი ჯინგ დონ იუანი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ფართოა თანამშრომლობა თავდაცვის სფეროშიც. “თავდაცვის სფერო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტია ორმხრივ ურთიერთობებში ჩინეთსა და რუსეთს შორის. ჩინეთი რუსეთიდან იარაღის სისტემებს უხდენს იმპორტს. ამას გარდა ბოლო პერიოდში ისინი ერთობლივ სამხედრო ვარჯიშებსა და აქტიურ სამხედრო თანამშრომლობას ეწევიან.” ექსპერტის ვარაუდით, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაიზრდება ბირთვული ტექნოლოგიებისა და კოსმოსური კვლევების დარგში. პრეზიდენტი მედვედევი ჩინეთში ყაზახეთიდან ჩავიდა. ხვალ რუსეთის ლიდერი პეკინის უნივერსიტეტში წარმოთქვამს სიტყვას.
XS
SM
MD
LG