ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ისევ დაძაბული რჩება


“პრობლემას ის წარმოადგენს, რომ სამხრეთ ოსეთიცა და აფხაზეთიც საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ პერიოდში, საკუთარი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ საქართველოს აუჯანყდნენ, როდესაც ამ უკანასკნელმა მკვეთრად გამოხატული ნაციონალისტური გზა აირჩია. ეს დე ფაქტო დამოუკიდებელი რეგიონები რუსეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. აქ მიმდინარე ბრძოლების შედეგად მრავალ ადამიანს მოუწია რეგიონების დატოვება”. ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის სპეციალისტი რონალდ სიუნი.

გასულ თვეს რუსეთმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გააღრმავებისა და იქ ოფიციალურ წარმომადგენლების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. თბილისსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის არსებობის კიდევ ერთ მიზეზს სეპარატისტულ რეგიონებში რუსული ჯარის დისლოცირება წარმოადგენს.

მართალია ოფიციალურად ამ ჯარს საქმშვიდობო კონტინგენტის სტატუსი აქვს მინიჭებული, მაგრამ თბილისის თქმით, ნათელია, რომ სინამდვილეში რუსეთის ჯარი სეპარატისტებს უმართავს ხელს. ამ ბრალდებას მოსკოვი უარყოფს.

საქართველოს მიერ გავრცელებული ფაქტობრივი ინფორმაციის თანახმად, გასულ აპრილს აფხაზეთში საქართველოს კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთმა ჩამოგდო. ამ ბრალდებას რუსეთი უარყოფს. მას შემდეგ აფხაზეთში კიდევ რამდენიმე საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ზემოთქმულმა დაძაბულობამ საქართველოსა და რუსეთს, რეგიონში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტების გაძლიერებისკენ უბიძგა. ორივე მხარე ერთმანეთს ომის დაწყების სურვილში დსებს ბრალს.

ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ომი არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის:

“ნათელია, რომ საქართველოს ომი არ სურს. ომი არც რუსეთის ინტერესებში შედის. ვინაიდან რეგიონი სოჭს ესაზღვრება და აფხაზეთში საომარი მოქმედება 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას საფრთხეს შეუქმნის”. ამბობს პროფესორი სიუნი.

ზოგი ექსპერტის აზრით, მდგომარეობას კიდევ უფრო აღვივებს პრეზიდენტ სააკაშვილსა და რუსეთის აწ უკვე პრემიერ-მინისტრ პუტინს შორის არსებული ძლიერი პირადი ანტიპათია და რომ მომავალში ბევრი იქნება დამოკიდებული სააკაშვილსა და რუსეთის ახალ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შორის ურთიერთობებზე:

“არა მგონია, რომ ეს ადვილი იყოს. რუსებს სააკაშვილის მიმართ საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. ისინი მას თავზეხელარებულ, ფიცხ და ძალზე ანტირუსულად განწყობილ პოლიტიკოსად მიიჩნევენ. რუსებს ვერ უპატიებიათ სააკაშვილისთვის ის, რომ მან თავიდანვე პროდასავლური და ანტირუსული გზა აირჩია. აღსანიშნავია ის, რომ ეს მხოლოდ პუტინის შეხედულება არაა. მედვედევი შედარებით რბილი ხასიათით გამოირჩევა. მას პრეზიდენტობის დასაწყის ეტაპზე საქართველოსთან საომარი კონფლიქტი ნამდვილად არ უნდა სურდეს. ჩემის აზრით, მედვედევისა და პუტინის შეხედულებები რამენაირად უნდა შეთანხმდეს. თუმცა სააკაშვილის პიროვნების რუსეთში აღქმის საკითხი, ბევრად უფრო ღრმა პრობლემას წარმოადგენ, ვიდრე სააკაშვილსა და პუტინს შორის ურთიერთობა”. ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ლეგვოლდი.

“ჩემის აზრით, მედვედევი უახლოეს მომავალში პუტინის საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს. ეს მანამდე გაგრძელდება სანამ იგი საკუთარი ძალაუფლების გამყარებას შესძლებს. აქედან გამომდინარე არა მგონია, რომ საქართველოს მიმართებაში უახლოეს მომავალში რაიმე შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ მედვედევსა და სააკაშვილს შორის პირადი ურთიერთობა ისე ნეგატიური არ არის, როგორც პუტინსა და სააკაშვილს შორის”. ამბობს პრინსტონის უნივერსიტეტის ვუდრო უილსონის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის პროფესორი ჯეისონ ლაილი. ექსპერტთა უმეტესობა თვლის, რომ პრობლემის მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ თბილისი და მოსკოვი რაიმე კომპრომისს გამონახავენ.

XS
SM
MD
LG