ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანტომიმის თეატრი


13 მაისს მარჯანიშვილის თეატრში უნდა შემდგარიყო პანტომიმის თეატრის წარმოდგენა, რომელიც წმინდა გიორგის ცხოვრებას ასახავს. სპექტაკლის რეჟისორია ამირან შალიკაშვილი და მისი თქმით რეპეტიციები უკვე 2 წელია მიმდინარეობს. 13 მაისამდე, რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა საქართველოს საპატრიარქოს მოწოდება, სადაც აღნიშნული იყო, რომ საპატრიარქო წმინდა გიორგის ცხოვრების შესახებ სპექტაკლის დადგმას მიუღებლად მიიჩნევს. ციტატა წერილიდან: რამდენადაც სჯულის კანონი და საეკლესიო ტრადიცია სრულიად მიუღებლად მიიჩნევს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანებთან დაკავშირებით სპექტაკლის დადგმას, საპატრიარქომ თხოვნით მიმართა ცნობილ რეჟისორს, ბატონ ამირან შალიკაშვილს, თავი შეეკავებინა ამგვარი ქმედებისგან. საპატრიარქო იმედოვნებს, რომ სპექტაკლის ავტორიც და თეატრის დასიც მის პოზიციას ანგარიშს გაუწევს.” – ციტატის დასასრული. ჩვენთვის საინტერესოა, რატომ ეწინააღმდეგება წმინდა გიორგის ცხოვრების ამსახველი სპექტაკლის დადგმა მარჯანიშვილის თეატრში, საეკლესიო ტრადიციას და სჯულის კანონს. ჩვენს კითხვას საპატრიარქოსთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა პასუხობს.

მარინა კაჭარავა – ჩვენს კულტურაში, ჩვენს მართლმადიდებლობაში საერთოდ ზედმეტი წარმოსახვა და ვიზუალიზაცია არასდროს არ ყოფილა. საერთოდ მაცხოვრის ვნებების ხატოვნად წარმოსახვა ჩვენი სარწმუნოებით არ არის მიღებული და დაშვებული. ფსიქოლოგიურად წარმოსახვას აქვს ძალიან სერიოზული ლოკომოტივის ფუნქცია, მაგრამ რაღაც ეტაპზე წარმოსახვა ადამიანისთვის საშიში ხდება. რადგან შესაძლებელია მოხდეს ადამიანის გარდასვლა წარმოსახვით სამყაროში და გაძნელდეს მისი უკან დაბრუნება, რაც ადამიანის ფსიქიკას ვნებს.

- ეს ერთი-ერთი პასუხია, მაგრამ არსებობს მეორე მოსაზრებაც. იგივე კითხვით ჩვენ მივმართავთ რელიგიური საკითხების ექსპერტს, ბატონ ბასილ კობახიძეს.

ბასილ კობახიძე – საეკლესიო კრებები საუბრობენ სხვადასხვა სანახაობებზე, რომელიც მოდიოდა ანტიკური პერიოდიდან და წარმოაჩენდა გარყვნილ ქმედებებს და რომელსაც ქონდა ბალაგანის სახე. თუმცა ის რომ მართლმადიდებელ წმინდანებთან დაკავშირებული სპექტაკლი არ იყოს, ასეთი ციტატა საეკლესიო სამართალში არ არის. ინტერპრეტაცია შემდგომ საუკუნეებში არის სხვადასხვაგვარი. ეს კანონები ასევე ამბობენ, რომ მღვდელმა არა თუ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა სანახაობებში, არამედ არც კი უნდა დაესწროს ასეთ სანახაობებს. მაგრამ საეკლესიო ტრადიცია არის ძალიან ელასტიური რაღაც, რაც შეიძლება მუდმივად იყოს განახლებადი. საეკლესიო ტრადიცია კრძალავს ამას და ამას, ასე თქმა არ შეიძლება.

- ასე, რომ ეს საკითხი ისევ სადავოდ რჩება და კითხვა ისევ ისმის, სად არის პრობლემა – იქ, სადაც საპატრიარქო სპექტაკლს კრძალავს თუ იქ სადაც საზოგადოება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მარჯანიშვილის სახელობის თეატრი - ემორჩილება ამ აკრძალვას?!

XS
SM
MD
LG