ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები რთულ ფაზაში შედის


აფხაზეთიცა და სამხრეთ ოსეთიც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ომისა და ძალადობის შემდეგ საქართველოში რეინტეგრაციაზე უარს ამბობენ. აფხაზეთისგან განსხვავებით სამხრეთ ოსეთი სრულ დამოუკიდებლობას კი არ ითხოვს, არამედ ჩრდილოეთ ოსეთთან შერწყმა, ანუ რუსეთთან შეერთება სწადია”. ამბობს ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი რობერტ ლიგვუდი. რეგიონის ბევრი მცოდნე, მათ შორის ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ სუნი თვლის, რომ კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ წამახალისებლად იმოქმედა რუსეთთან დაახლოვებულ სეპარატისტულ რეჟიმებზე: “ახლა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ალბათ ჩეჩნეთი, მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი და სხვა ტერიტორიები უფრო აქტიურად ცდილობენ დამოუკიდებლობის ან ავტონომიის მიღებას. ისინი თვლიან, რომ ის რისი უფლებაც კოსოვოს მიეცა მათაც უნდა მიენიჭოს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთს მათი დამოუკიდებლობის აღიარებას უფრო აქტიურად სთხოვენ”. ამბობს იგი. რობერტ ლიგვუდის თქმით: “16 აპრილს მათ განაცხადეს, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას გააღრმავებენ და იქ ოფიციალურ წარმომადგენლებსაც გაგზავნიან. ანუ რუსეთი უფრო ძლიერადაა წარმოდგენილი სეპარატისტურ რეგიონებში ვიდრე საქართველო”. ბუნებრივია რუსეთის მიერ ასეთი ნაბიჯების გადადგმამ საქართველო განარისხა. თბილისსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის არსებობის კიდევ ერთ მიზეზს სეპარატისტულ რეგიონებში რუსული ჯარის დისლოცირება წარმოადგენს. მართალია ამ ჯარს ოფიციალურად სამშვიდობო კონტინგენტის სტატუსი აქვს მინიჭებული, მაგრამ ნათელია, რომ სინამდვილეში იგი ხელს უმართავს სეპარატისტულ რეჟიმებს. თბილისის ამ ბრალდებას მოსკოვი უარყოფს. საქართველოს მიერ გავრცელებული ფაქტობრივი ინფორმაციის თანახმად, გასულ აპრილს აფხაზეთში საქართველოს კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთმა ჩამოგდო. ამ ბრალდებას რუსეთი უარყოფს. მას შემდეგ აფხაზეთში კიდევ რამდენიმე საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. “კოდორის ხეობა აფზხაზეტის ის ერთადერთი ტერიტორიაა, რომელსაც საქართველო აკონტროლებს. ქართველები ცდილობენ ის დაადგინონ თუ სად იმყოფება რუსული ჯარი. სწორედ ამ მიზნით უშვებენ უპილოტო საფრენ აპარატებს”. ამბობს პრინსტონის უნივერსიტეტის ვუდრო უილსონის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის თანამშრომელი ჯეისონ ლაილი. მისი თქმით რუსეთმა რეგიონში დისლოცირებული ჯარი გააძლიერა. “1994 წლის ხელშეკრულების თანახმად, რუსეთს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში სამი ათაში სამშვიდობოს ყოლის უფლება ეძლევა. ახლა ჩვენის აზრით. რუსეთმა ამ რიცხვს უკვე მიაღწია”. ამბობს იგი. “ნათელია, რომ საქართველოს ომი არ სურს. ომი არც რუსეთის ინტერესებში შედის. ვინაიდან რეგიონი სოჭს ესაზღვრება და აფხაზეთში საომარი მოქმედება 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას საფრთხეს შეუქმნის”. ამბობს პროფესორი სუნი. “საშიშროებას ის კი არ წარმოადგენს, რომ ომი ან საქართველოს ან რუსეთს სწადია, არამედ ის, რომ სიტუაცია კონტროლიდან შეიძლება გამოვიდეს და ომი რეალურად შეიძლება დაიწყოს”. ამბობს ჯეისონ ლაილი. ექსპერტთა უმეტესობა თვლის, რომ პრობლემის მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ახალი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამის სურვილს გამოხატავს.
XS
SM
MD
LG